თბილისს მრავალი ლამაზი შენობა ამშვენებს, რომლებიც დედაქალაქის იერსახეს წარსულშიც ბრწყინვალებას მატებდნენ და თანამედროვეობაშიც არ დაუკარგავთ ხიბლი. ამ შენობებს საინტერესო ბიოგრაფია აქვთ. ამჯერად ორ ასეთ მათგანზე გიამბობთ.
ამ შენობაში დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტია" განთავსებული. ერთ დროს კი მეცენატ მიქაელ არამიანცის საკუთრება იყო და სასტუმრო "მაჟესტიკი" ერქვა. "მაჟესტიკი" ფრანგულად ზღაპრულს, დიდებულს ნიშნავს. მაშინდელი პრესა იტყობინებოდა, რომ ეს შენობა მთელს იმპერიაში პირველი მომრგვალებულფასადიანი ნაგებობა იყო.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ არამიანცმა, სასტუმროს აგება გადაწყვიტა და ამისთვის გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველი) პროსპექტისა და ბარიატინსკის (დღევანდელი გ. ჭანტურიას) ქუჩის კუთხე შეარჩია. იმხანად ამ ტერიტორიაზე როტინოვის სახლი მდგარა, რომელშიც ცნობილ ფოტოგრაფ პეტრე განკევიჩს სახელოსნო ჰქონია მოწყობილი.
არამიანცმა ტერიტორია გამოისყიდა და სასტუმროს პროექტირება ცნობილ ინჟინერ-არქიტექტორ ოზეროვს დაუკვეთა. სასტუმრო 4-სართულიანი უნდა ყოფილიყო. სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა, მოულოდნელად მეცენატმა მშენებლობა შეაჩერა და პროექტი მეორე ცნობილ არქიტექტორ გაბრიელ ტერ-მიქელოვს გადააბარა.
სანამ ტერ-მიქელოვი სამუშაოს შეუდგებოდა, დამკვეთის ხარჯით ევროპაში იმოგზაურა, იქაური სასტუმროების არქიტექტურული თავისებურებები შეისწავლა. ჩანს, ეს მოგზაურობა ძვირი დაუჯდა არამიანცს და დააფიქრა კიდეც, დაეწყო თუ არა მშენებლობა. ტერ-მიქელოვმა დაარწმუნა - ისეთ სასტუმროს აგიშენებ, რომლის ბადალიც მთელ რუსეთის იმპერიაში არ იქნებაო. მაჟესტიკის მშენებლობა 1915 წელს დასრულა.
მოგვიანებით, პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე "მაჟესტიკს", როგორც საუკეთესო სასტუმროს, გრან-პრი და ოქროს მედალი მიაკუთვნეს. სასტუმრო გამოირჩეოდა არამხოლოდ არქიტექტურით, არამედ, საუკეთესო საცხოვრებელი პირობებითაც - სამრეცხაო მოწყობილობებით, მაცივარ-ოთახებით, სარდაფში განლაგებული კინოთეატრით.
პირველი მსოფლიო ომის დროს "მაჟესტიკი" ჰოსპიტლად გადაკეთდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, შენობაში პროფკავშირები განათავსეს. 1936 წელს გადაწყვიტეს, შენობისთვის სასტუმროს სტატუსი დაებრუნებინათ - ჩაუტარეს შიდა რეკონსტრუქცია და 1938-39 წლებში კვლავ გაიხსნა სასტუმრო, რომელსაც ჯერ "ნოვი თბილისი", შემდეგ "თბილისი" ერქვა.
კომუნისტები მაღალი რანგის სტუმრებს ამ სასტუმროში მასპინძლობდნენ. როდესაც თბილისში ფრანკოს რეჟიმს გამოქცეული ესპანეთის კომპარტიის მდივანი ხოსე დიასი გადმოვიდა საცხოვრებლად, კანდიდ ჩარკვიანმა ის ოჯახთან ერთად სწორედ იქ დაასახლა. ხოსე დიასმა 1942 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე - სასტუმროს ზედა სართულიდან გადმოხტა. თბილისის სამოქალაქო ომის დროს სასტუმრო განადგურდა. 2002 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და დღეს "თბილისი მარიოტის" სახელით არის ცნობილი. თბილისში ჩამოსული ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სწორედ ამ სასტუმროში დაბინავდა.
რაც შეეხება მაჟესტიკის მფლობელს, მიქაელ არამიანცს, ბოლშევიკებმა მას მთელი ქონება წაგლიჯეს. მეცენატმა სიცოცხლე მაჩაბლის ქუჩაზე მდგარი საკუთარი სახლის სარდაფში დაასრულა 1922 წლის დეკემბრის სუსხიან ღამეს.
დღევანდელი ჭონქაძის ქუჩაზე (გუდოვიჩის) კიდევ ერთი დახვეწილი ნაგებობა დგას, რომელიც თამბაქოს მრეწველების, ძმებ ბოზარჯიანცების სახლი გახლდათ. 1915 წელს თბილისის საუკეთესო სახლის გამოსავლენ კონკურსში ამ სახლმა მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა, საუკეთესო ფასადის მქონე სახლის სახელი მაინც ეწოდა, იმიტომ რომ ოქროს მედალი და პირველი ადგილი, იმ წელს არავის რგებია.
შენობის არქიტექტორი მიხეილ ოჰანჯანოვი გახლდათ. ფასადის მოსაპირკეთებელი მასალა შეძლებულ ბოზარჯიანცებს ვენეციიდან და პარიზიდან გამოუწერიათ. ბოზარჯიანცი მდიდარი ადამიანი იყო. ის პირველი თბილისელი გახლდათ, რომელსაც ავტომობილი ჰყავდა, თანაც პარიზიდან გამოწერილ თავისივე მძღოლთან ერთად. ძმები თამბაქოს წარმოებით გამდიდრდნენ. პირველი თამბაქოს საწარმო თბილისში ბოზარჯიანცმა 1858 წელს გახსნა, რომელიც მოგვიანებით სააქციო საზოგადოებად აქცია - "ბოზარჯიანცი და შვილები". საწარმოს რამდენიმე საფირმო მაღაზია ჰქონდა გახსნილი.
ტიტულოვან სახლში ცხოვრებით ტკბობა ბოზარჯიანცებს დიდხანს არ დასცალდათ. ოჯახის საქმე შემდგომში ცუდად წავიდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ბოზარჯიანცის სახლი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და მასში რამდენიმე ოჯახი დაბინავდა. თავად ბოზარჯიანცებს კი ორიოდე ოთახი დაეთმოთ.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლავრენტი ბერიაც ცხოვრობდა ამ მშვენიერ სახლში. გასაბჭოების შემდგომ, არც ბოზარჯიანცის თამბაქოს საწარმოს არ შეუწყვეტია მუშაობა. აქ იწარმოებოდა ცნობილი სიგარეტი "პრიმა". ბოზარჯიანცის სახლში გადაღებულია ფილმები: "აბეზარა", "გაზაფხულის 17 გაელვება", "დათა თუთაშხია", "ტიფლისი"...
მთავარი ფოტო: teasblogi.wordpress.com