ლონდონის ეროვნული გალერეა არც ცნობილი ტილოების ნაკლებობას უჩივის და არც მნახველებისას, მაგრამ იმ უამრავ შედევრს შორის, რომლებსაც აქ დაუდიათ ბინა, მაინც არის ერთი გამორჩეული ქმნილება - ფლამანდელი ფერმწერის, იან ვან ეიკის "არნოლფინების წყვილის პორტრეტი". ბრიუგეში 1434 წელს შექმნილი ეს ტილო, პირველ რიგში, იმით გახდა განსაკუთრებული, რომ ვან ეიკმა ჩვეულ მანერას უღალატა და თემად ბიბლიური სიუჟეტი არ გამოუყენებია. "გენტის საკურთხევლისა" და "კანცლერ როლენის მადონას" ავტორმა წმინდა წერილის კარნახით შექმნილი უამრავი სურათის შემდეგ ოჯახური და იდილიური თემა შემოგვთავაზა, თუმცა ნახატის ირგვლივ დღემდე არ წყდება სპეციალისტების სხვადასხვა მოსაზრება, რომლებიც ტილოზე არსებულ სიმბოლოებზე დღემდე დავობენ. კერძოდ, ხელოვნებათმცოდნეებს შორის დავა თავდაპირველად ნახატზე გამოსახული წყვილის ვინაობის გამო გაჩაღდა. კარგა ხნის შემდეგ მკვლევართა უმეტესობა მივიდა დასკვნამდე, რომ პორტრეტი იტალიელ დიდვაჭარს – ჯოვანი დი ნიკოლაო არნოლფინის და მის მეუღლეს ეკუთვნით. ტილოზე ყველაზე საინტერესო დეტალი წყვილის ზურგს უკან, კედელზე დაკიდებული სარკეა, რომლის ჩარჩოს ქრისტეს წამების ამსახველი ათი სცენა ამკობს. ზოგიერთმა მკვლევარმა მრგვალი სარკის ფორმაში უფლის ყოვლისმცოდნე თვალი დაინახა, სარკის სიღრმიდან მომზირალი ორი ადამიანის ანარეკლიდან ერთ-ერთი კი თავად ვან ეიკის სილუეტად მიიჩნიეს. ამ მოსაზრების მხარდამჭერნი, გარეგნული მსგავსების გარდა, იმ ფაქტსაც ეყრდნობოდნენ, რომ მხატვრის ხელმოწერა ჩვეულ ადგილზე – სურათის ქვედა კუთხეში კი არა, გაცილებით თვალსაჩინოდ – ჭაღსა და სარკეს შორის იყო მოთავსებული და ნაცვლად წარწერისა - "შექმნა ვან ეიკმა", გვამცნობდა –"ვან ეიკი აქ იყო".
წმინდა მარგარიტას ფიგურამ, რომელიც მშობიარე ქალების მფარველად ითვლებოდა, მკვლევარები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ჯოვანი არნოლფინის მეუღლე ფეხმძიმედ გახლდათ, რასაც მისი მუცლის ფორმაც მოწმობს. თუმცა ზოგი იმასაც ამტკიცებდა, რომ ეს მომრგვალებული ფორმა კაბის ქვეშ ამოდებული ბალიშის ბრალი იყო, რაც იმ დროინდელი ქალბატონებისთვის სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლოს წარმოადგენდა. მოგვიანებით პირველი ვერსიის მომხრეებმა ახალი არგუმენტი მოიშველიეს, კერძოდ კი – ჭაღის სანთლები. ჯოვანი არნოლფინის მხარეს განლაგებული სანთლები ანთებულია და ციმციმებს, მისი მეუღლის მხარეს კი ჩამქრალია. ამ დეტალის საფუძველზე ივარაუდეს, რომ სურათი დაიწერა ქალბატონის სიკვდილის შემდეგ, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა, რაზეც სიმბოლურად მიგვანიშნებს მის თავზე ჩამქრალი სანთლები. გარდა ამისა, ეს ჰიპოთეზა ფანჯრის რაფასა და ტაბურეტზე დალაგებულმა ფორთოხლებმა გაამყარა, რაც ნაყოფიერების სიმბოლოდ აღიარეს. ამის შემდეგ კამათი გამოიწვია ჯოვანი არნოლფინის ხის სანდლებმა, რომლებიც იატაკზე, პატრონის ფეხებთან ყრია. ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი თვლიდა, რომ სურათზე ჯვრისწერის სცენა იყო გამოსახული და ძველ აღთქმას იშველიებდა, უფრო პრაგმატულმა სპეციალისტებმა კი აქედან პროზაული დასკვნა გამოიტანეს – არნოლფინი ვაჭარი იყო, არისტოკრატთა წრეს არ ეკუთვნოდა და ამის ნიშნად ავტორმა ტილოზე ხის უბრალო ფეხსაცმელი გამოსახა. წყვილის ფეხებთან მიხატულმა პატარა ძაღლმა კი ცოლქმრული ერთგულების სიმბოლოს დატვირთვა მიიღო.მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ცნობილმა ინგლისელმა მკვლევარმა მორის ბროქუელმა ძველი ვერსიებისგან სრულიად განსხვავებული, სენსაციური დასკვნა გამოიტანა – განაცხადა, რომ არნოლფინების ნამდვილი პორტრეტი ესპანეთში, ხანძრის დროს განადგურდა, ჩვენთვის ცნობილ ტილოზე კი თავად ფერმწერია გამოსახული მეუღლესთან ერთად. ამ თეორიის განსამტკიცებლად ბროქუელი და მისი მხარდამჭერები ქალბატონი არნოლფინის მარგარიტა ვან ეიკთან – მხატვრის ცოლთან – გარეგნულ მსგავსებას იშველიებენ. მით უმეტეს, რომ მარგარიტა სწორედ ამ დროს ფეხმძიმედ იყო და მალე ვაჟიც შეეძინა, არნოლფინებს კი შვილი არ ჰყოლიათ, ყოველ შემთხვევაში, ამ ფაქტის დამადასტურებელი ცნობები მკვლევარებმა ვერსად მოიძიეს.
იან ვან ეიკის "არნოლფინების წყვილის პორტრეტის" გარშემო არსებულ ყველა ვერსიას დეტალურად "პალიტრა L"-ის მორიგი უნიკალური სერიიდან "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებიდან" შეიტყობთ, გარდა ამისა, დეტალურად გაეცნობით მსოფლიოში სახელგანთქმული ლონდონის ეროვნული გალერეის ისტორიასა და მასში დაცული ყველა შედევრის ბიოგრაფიას. ლონდონის ეროვნული გალერეის დათვალიერებისას მიღებულ შთაბეჭდილებებს კლათბურთელი ვლადიმერ ბოისა და ჟურნალისტი გიორგი ისაკაძე გვიზიარებენ:
ვლადიმერ ბოისა, კალათბურთელი: ლონდონის ეროვნული გალერეა იმდენად მასშტაბურია, ერთი დღე მის დასათვალიერებლად საკმარისი ნამდვილად არ გახლავთ . წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა როგორც თავად შენობამ, ასევე იქ დაცულმა შედევრებმა - მიხარია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა ლონდონში გაემგზავროს, ან პირიქით, გეგმავს ლონდონის გალერეის დათვალიერებას, გამომცემლობა აძლევს შანსს გაეცნოს როგორც მისი შექმნის ისტორიას, ასევე იმ ნახატებზე ინფორმაციას, რომელიც წარმოუდგენელი ემოციებით ავსებს დამთვალიერებელს.
გიორგი ისაკაძე, ჟურნალისტი: ნებისმიერ წიგნს აქვს ერთი თვისება - მან უნდა გამოგზაუროს სამყაროში, რომელსაც თავისი შინაარსითა თუ კონტენტით გადმოსცემს. "პალიტრა L"-ის ეს სერია როგორც შინაარსით, ისე ვიზუალურად და ფიქრებით გვამოგზაურებს სხვადასხვა მუზეუმში, ამიტომაც მოუთმენლად ველოდებოდი წიგნის გამოცემას ლონდონის ეროვნულ გალერეაზე, რომლის დათვალიერებისას ასევე ფიქრებითა და შინაარსით წარსულში მოგზაურობ. ახლაც, როდესაც წიგნს ვფურცლავ, მგონია, რომ იქ ვარ. "პალიტრა L"-ს ყოველთვის ნოვაციური მიდგომები აქვს სხვადასხვა საინტერესო ფაქტების გადმოსაცემად. ახლაც გამომცემლობამ შეძლო ბევრისთვის მიუწვდომელი ადგილები ხელშესახები გამხდარიყო მკითხველებისთვის - თუ არ ხართ ნამყოფი ლონდონის ეროვნულ გალერეაში, წიგნის წაკითხვისა და დათვალიერების შემდეგ, თამამად შეგიძლიათ ისაუბროთ იქ დაცულ შედევრებზე, რადგან საამისო ცოდნას "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმბის" სერია გაძლევთ.
რუსუდან შელია