საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში ზიკას გადამტანი კოღო არსებობს, თუმცა ვირუსის გავრცელების საფრთხე - არა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.
იმნაძე გამოეხმაურა რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზიკას გადამტანი მწერი ართვინის რაიონში (თურქეთში) დაფიქსირდა.
"როგორც თურქეთში, ისე საქართველოსა და რუსეთში, ზიკას გადამტანი კოღოები არსებობენ. ამაში ახალი არაფერია. თურქეთის, რუსეთის და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ეს კოღო არის, მაგრამ ზიკას გავრცელების რისკი არ არსებობს, რადგან ზიკათი დაავადებულები არ არიან. კოღო არის, მაგრამ ვირუსი - არა. თურქეთში იყო სულ 4 ავადმყოფი, რომლებიც ცუდად გახდნენ კუბაში. ხაზგასმით ვაცხადებ, თურქეთში, საქართველოსა და რუსეთში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ყველგან არის ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოები, მაგრამ არ არიან ზიკათი ავადმყოფები. ასე რომ, ყველას შეუძლია წყნარად იყოს", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.