27 იანვარს, გვიან ღამით, რიკოთის გვირაბთან მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ავტოავარიას ოჯახის 6 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვის.
ავტომანქანაში, რომელსაც საპირისპირო ზოლიდან გადმოსული ტრაილერი შეეჯახა, ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილები არიან: ახალგაზრდა და-ძმა როლანდ და მზევინარ (მზიკო) ქანთარიები, ასევე როლანდ ქანთარიას მეუღლე, 21 წლის ვიკა ლეჟავა, მათი მცირეწლოვანი გოგონა ბარბარე. ასევე, ქანთარიების ნათესავები, დედა-შვილი ნონა და გიორგი ვაჩანძეები.
როგორც ქანთარიების ნათესავმა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში თქვა, ტრაილერის მძღოლი ქართველია:
"ის მძღოლი ამათი ნაცნობი აღმოჩნდა. ქართველია. ისიც მათსავით აფხაზეთიდანაა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ არც ის იქნებოდა ნაკლებ მდგომარეობაში, 6 ადამიანი იმსხვერპლა..." - ამბობს დაღუპულების ნათესავი "სარკესთან" ინტერვიუში. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
"საჭესთან ჩემი მამიდაშვილი, ავთანდილ ქანთარია იჯდა, ის გადარჩა, თუ ამას ასე ჰქვია. სხეული გადარჩა, თორემ მისი სული მკვდარია. საავადმყოფოდან თავისი სურვილით გაეწერა, მაგრამ 3-ჯერ დასჭირდა სასწრაფოთი ისევ საავადმყოფოში გადაყვანა. 2 ნეკნი აქვს ჩატეხილი და შინაგანი სისხლდენა აქვს... მართლა წარმოუდგენელია, ჩემი მამიდაშვილი როგორ გადარჩა. მანქანა მარჯვენასაჭიანი იყო და ალბათ რაღაც სასწაულით გადარჩა. ავარიის შემდეგ გონება არ დაუკარგავს, როგორც კი მიხვდა, რაც მოხდა, თვითონვე გამოიძახა პატრული. უკან ნათესავების მანქანა მოჰყვებოდა, მათ დაურეკა, ასეთი მდგომარეობაა და სასწრაფოდ მოდითო...
როლანდი და მზევინარი უდედოდ გაიზარდნენ, ჩემს მამიდაშვილს მეუღლე მაშინ დაეღუპა, როცა ბავშვები მცირეწლოვანები, 2 და 4 წლის იყვნენ. ამის შემდეგ მათ მამა და ბებია ზრდიდნენ, ზედ ჰყვებოდნენ... ორი შვილი ჰყავდა ჩემს მამიდაშვილს და ორივე მიწას მიაბარა... ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახები ერთი და იმავე კორპუსში და სადარბაზოში ცხოვრობდნენ. დედა-შვილი მე-13 სართულზე ასვენია, დანარჩენები - მე-14 სართულზე..." - ამბობს გარდაცვლილების ნათესავი ინტერვიუში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ტრაილერის მძღოლი დაკავებულია და მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ეკა ლემონჯავა
ჟურნალი "სარკე"