მელანია ტრამპმა მრავალწლიანი ტრადიცია დაარღვია და პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვაზე კონგრესში ქმრის გარეშე მივიდა.
ავტომობილების კოლონა კაპიტოლიუმისკენ თეთრი სახლიდან დაიძრა, სადაც დონალდ ტრამპი და პირველი ლედი სხვადასხვა მანქანაში ისხდნენ. წყვილი ერთად ახალი წლის შემდეგ არავის უნახავს.
კაპიტოლიუმში მელანიას ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდნენ. პირველ ლედის "დოლჩე & გაბანას" თეთრი სამოსი ეცვა და ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ სამოსი ემთხვეოდა კონგრესის დემოკრატი წევრების თეთრ ჩაცმულობას - დემოკრატებმა გასულ წელს, ამავე მიმართვის დროს, ტრამპის პოლიტიკა ქალების მიმართ სწორედ თეთრი, სუფრაჟისტების ფერის სამოსით გააპროტესტეს.
პირველი ლედი ნიუ მექსიკოს პოლიციის ოფიცრის რაიან ჰოულეტისა და 12 წლის პრესტონ შარპს შორის დაჯდა, ისინი სპეციალური სტუმრების რიცხვში მოხვდნენ - კონგრესში მიწვეული იყვნენ ცნობილი გმირები და ქვეყნისთვის საამაყო ადამიანები. ჰოულეტსმა ცოტა ხნის წინ ნარკოდამოკიდებული ქალის ბავშვი იშვილა, შარპმა კი ჯარისკაცების საფლავების შესამკობად 40 000 დროშისა და ყვავილებისთვის თანხის მოგროვება შეძლო.
თეთრი სახლის პრესსამსახურის უფროსმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ პირველი ლედის ქმარზე ადრე მისვლას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა - სტუმრებს მისალმებოდა.
ტრამპებამდე - ბარაკ და მიშელ ობამა, ისევე, როგორც ჯორჯ და ლორა ბუშები, თეთრი სახლიდან კონგრესამდე ერთი და იმავე ლიმუზინით მიდიოდნენ და ასევე ბრუნდებოდნენ სახლში.
ტრამპებს შორის კონფლიქტის შესახებ მედია უკვე თითქმის ერთი თვეა წერს. საქმე ცოტა ხნის წინ მომხდარ სკანდალს უკავშირდება. პრესაში გავრცელდა პორნომსახიობის, სტორმი დენიელსის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ 2006 წელს დონალდ ტრამპთან რომანი ჰქონდა.
ასევე, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ არჩევნების წინ ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს სიჩუმისთვის 130 ათასი დოლარი გადაუხადა.
წყარო cnn.com