"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოები, რომლებიც თბილისის მეტროპოლიტენს ჩაუტარდა, აუცილებლად უნდა გადაიხედოს. ამის შესახებ ნადირაძემ ვარკეთილის მეტოსადგურთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ოპოზიციის წარმომადგენელმა ასევე ხელშეკრულება წარმოადგინა, რომელიც, მისი თქმით, მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის თაობაზე 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა.
"გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელზეც კონტრაქტი გაფორმდა 2016 წლის 30 ნოემბერს. ხელშეკრულება არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ ფაქტია, რომ მიღება-ჩაბარება გააკეთა "ქართული ოცნების" მერიამ. ასევე ფაქტია, რომ ყველა სარემონტო სამუშაოები, რომელიც აქამდე ჩატარებულა, თავიდან უნდა გადაიხედოს. მეტრო არის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი თბილისში, მას ასობით ათასი ადამიანი გადაჰყავს ყოველდღიურად და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ფაქტია, რომ დღეს, სახეზე გვაქვს სურათი, როდესაც ადამიანები დაშავდნენ, დაზარალდნენ, არავინ იცის რა ხდება კიდევ სხვა სადგურებში.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არა მხოლოდ რემონტი, არამედ მეტროსადგურები არის შესამოწმებელი. ბევრჯერ ვთქვით, რომ ექსკალატორების, ლიანდაგების და მეტროს ვაგონების მდგომარეობა შესამოწმებელია და ამას ყურად არ იღებდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. ისინი ცდილობდნენ, რომ მიეჩქმალათ ჩვენი ეს მოთხოვნა. შარშან, წინასაარჩევნოდ, ზარ-ზეიმით გაგვიხსნეს ვარკეთილის მეტროსადგური. "ქართული ოცნება", ფაქტობრივად, კლავს ადამიანებს", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მეტროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ. მისი თქმით, იმ მეტროსადგურებში, რომელთა რეაბილიტაციაც ბოლო პერიოდში განხორციელდა, ექსპერტიზა ჩატარდება.
რაც შეეხება უშუალოდ მეტროსადგურ "ვარკეთილს", სადაც დღეს ჭერი ჩამოინგრა, კობახიძის განმარტებით, აღნიშნული მეტროსადგურის მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მიიღება.
"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც მოხდება მეტროსადგურის დასუფთავება. ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის აღდგება მეტროსადგურის მუშაობა. იგივე კომპანიას აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებული მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრში". ექსპერტიზა ჩატარდება, როგორც "ახმეტელის თეატრში", ისე იმ სადგურებში, სადაც რეაბილიტაცია ბოლო პერიოდში განხორციელდა. აქ იმყოფებიან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დაადგენენ, თუ რის გამო მოხდა ეს ფაქტი", განაცხადა კობახიძემ.
მეტროსადგურ "ვარკეთილში" ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.