"საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ძალადობის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით ჩადენილი დანაშაულების მიზეზი დაუსჯელობის სინდრომიცაა" - ამის შესახებ თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა და პრაქტიკა და "როგორც კი ამ გზას გადაუხვევ, სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავ".
"სასჯელის გარდაუვლობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა და პრაქტიკა. როგორც კი ამ გზას გადაუხვევ, სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავ. სხვათა შორის, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების შემთხვევები, ჩემი თბილისის პროკურორად მუშაობის დროს საგანგაშო იყო. ჩემი აზრით, ყველა ასეთი შემთხვევის სამართლებრივი შედეგის მონიტორინგია საჭირო. თუ პეტრემ ან პავლემ გთხოვა და ვიღაცის მიმართ აღკვეთად არასაპატიმრო ღონიძიება ან საპროცესო შეთანხმება გამოიყენე, ეს პრეცედენტია და ბიძგია პოტენციური დამნაშავისთვის. ასევე, ასეთი სახის დანაშაულისთვის დამახასიათებელია განმეორებითობა.
ხშირად, ერთი და იგივე პირს იარაღით ქუჩაში მეორედაც აკავებენ (ეს ეხება ცივ იარაღსაც). ამიტომაც, სისხლის სამართლის პოლიტიკა ყველასთვის უნდა იყოს ერთნაირი და გამონაკლისები არ უნდა არსებობდეს. როგორც კი ერთისთვის იქნება დაშვებული გამონაკლისი, იქნება მეორესთვისაც, მესამესთვისაც და ეს არასდროს დასრულდება. ამას მოჰყვება დანაშაული", - ამბობს მწარიაშვილი.
კითხვაზე, დაუსჯელობის სინდრომის განცდის შექმნაში რა როლი აქვს სასამართლოს, თუნდაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების კუთხით? - მწარიაშვილი პასუხობს: "კანონით, თუ პირის პატიმრობას პროკურატურა არ ითხოვს, სასამართლო ამას ვერ შეუფარდებს".
"ასევე, თუ ბრალდება მძიმე არ არის, სასამართლო საქმეს ვერ გადააკვალიფიცირებს. რაღაც-რაღაცეებში სასამართლოც შეზღუდულია. მაგალითად, ადრე მოსამართლეს ჰქონდა უფლება, პირისთვის კანონით გათვალისწინებულ მინიმუმზე ნაკლები მსჯავრი დაედო, ანუ, ვთქვათ, თუ მუხლი ითვალისწინებდა 3-დან 5 წლამდე პატიმრობას, მოსამართლეს შეეძლო 3-წლიან სასჯელზე ქვემოთ ჩამოსულიყო. ეს ნორმა კოდექსში გაუქმდა და ეს უფლება გადაეცა პროკურატურას. მანამდე ბრალდებული უფრო თავისუფლად "მოგყვებოდა" სასამართლოში, ვინაიდან იცოდა, რომ მოსამართლეს კანონით უფრო ფართო დისკრეცია ჰქონდა. ეს ტვირთი პროკურატურაზე რომ გადმოვიდა და გამოიყენა საპროცესო შეთანხმებებში, ამით "კვაზი მართლმსაჯულების" ფუნქცია აიღო. ბრალდებული იძულებულია ევაჭროს პროკურატურას. მე მივესალმებოდი, რომ სასამართლოს დაბრუნებოდა ძველი უფლებები", - განაცხადა მწარიაშვილმა.