"ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება ამ კონკრეტულ ფაქტს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე" - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელიც მეტროსადგურ "ვარკეთილთან", შემთხვევის ადგილზე მივიდა.
მისი თქმით, აღნიშნულ მეტროსადგურში სამუშაოები აგვისტოში დასრულდა, სექტემბერში კი ექსპლუატაციაში შევიდა. კალაძის განცხადებით, იგივე კომპანიამ ჩაატარა სამუშაოები მეტროსადგურში "ახმეტელის თეატრში", ამიტომ "დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორ არის სამუშაოები ჩატარებული, რათა ყველა უბედურება იყოს თავიდან აცილებული".
"საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, დაშავდა 11 ადამიანი. მოხდა ჭერის ჩამონგრევა. ამჟამად ყველა დაშავებული გადაყვანილია კლინიკებში. ველოდებით კრიმინალისტებს, რომ დაიწყონ შესწავლა, თუ რა მოხდა რეალურად. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს. ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება ამ კონრეტულ ფაქტს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე. თუ ვისი პასუხისმგებლობაა დღეს მომხდარ ამბავში, ამას დაადგენენ შესაბამისი სამსახურები", - აღნიშნა კალაძემ.