ლიბანური გაზეთის, "ალ-აჰბარის" ინფორმაციით, ლიბანურმა სპეცსამსახურებმა დაადგინა იმ ოთხი პირის ვინაობა, რომლებიც მიმდინარე წლის 14 იანვარს, ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" აქტივისტის, მუჰამად ჰამდანის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდნენ.
გამოცემის ცნობით, ლიკვიდაციის მცდელობა ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის "მოსადის" მიერ იყო ორგანიზებული. ლიკვიდაციის ოპერაციაში ლიბანის ორი მოქალაქე და "მოსადის" ორი თანამშრომელი მონაწილეობდა.
"ქილერთა" გუნდში ასევე შედიოდა ქალი. ლიბანის საზღვრის გადაკვეთისას მან საქართველოს მოქალაქის პასპორტით ისარგებლა.
გამოძიების ვერსიით, "მოსადის" გუნდის წევრ ქალბატონს, რომელმაც ოპერაციისას საქართველოს პასპორტით ისარგებლა, "ჰამასის" აქტივისტის მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა დაემაგრებინა, ხოლო მის კოლეგას ის უნდა აემოქმედებინა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელი მუჰამად ჰამდანის ლიკვიდაციასთან "მოსადის" კავშირს უარყოფს.
14 იანვარს ლიბანში, ქალაქ საიდში "ჰამასის" აქტივისტის, მუჰამად ჰამდანის ლიკვიდაციის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ის გადარჩა, ვინაიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ის მანქანიდან გამოვიდა.