ქაბულის ცენტრში აფეთქების შედეგად სულ მცირე 95 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა 150.
"ბიბისის" ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები თვითმკვლელმა ტერორისტმა სასწრაფო დახმარების მანქანაში განათავსა, რითაც საშუალება მიეცა, გაევლო საკონტროლო გამშვები პუნქტი დიპლომატიურ კვარტლამდე. აღნიშნულ კვარტალში ჩვეულებრივი ტრანსპორტით შესვლა აკრძალულია.
ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, თვითმკვლელმა საკონტროლო პუნქტზე განაცხადა, რომ საავადმყოფოში პაციენტი მიჰყავდა, თუმცა მეორე პუნქტზე მისი შემოწმება მაინც გადაწყვიტეს, რა დროსაც ტერორისტმა თავი აიფეთქა.
მსხვერპლის რაოდენობა, დიდი ალბათობით, კვლავ გაიზრდება, საავადმყოფოებში დაჭრილების ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
"ფრანს პრესის" ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსით შენობების მინები დაიმტვრა, დანგრეულია ახლოს მდებარე შენობები.