ნიუ-იორკის გუგენჰაიმის მუზეუმმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უარი უთხრა თხოვნაზე, თეთრი სახლისთვის ვან გოგის ნამუშევარი ეთხოვებინათ, თუმცა, სანაცვლოდ მუზეუმი აშშ-ს პრეზიდენტს ოქროს უნიტაზს სთავაზობს.
მუზეუმმა ბოდიში მოიხადა, რომ არ შეუძლია თეთრ სახლს ვან გოგის "პეიზაჟი თოვლით" დაუთმოს. გუგენჰაიმი ალტერნატივად 18 კარატიან ოქროს უნიტაზს გამოჰყოფს პრეზიდენტის რეზიდენციისთვის.
თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
Washington Post-ის ინფორმაციით, მუზეუმის კურატორმა ნენსი სპექტორმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა ტილოს თხოვნით გუგენჰაიმს სექტემბერში მიმართა. მისი განმარტებით, შენობიდან ნახატის გატანა აკრძალულია.
რაც შეეხება უნიტაზს, სპექტორის თქმით, იტალიელმა ხელოვანმა მაურიციო კატელანმა შექმნა და მუზეუმს შეუძლია, ძვირფასი ტუალეტი თეთრ სახლს დიდი ხნით დაუთმოს.