საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კლინიკა "ლანცეტის" მიერ აზერბაიჯანიდან მოწვეული ქირურ-ტრანსპლანტოლოგი პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოვლინდა, რომ ექიმი პაციენტისგან მოტყუებით, დიდი ოდენობით თანხის დაუფლებას ცდილობდა.
"საქართველოს პროკურატურამ პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით ჯგუფურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა შპს "ლანცეტი"-ს დირექტორის მიერ აზერბაიჯანიდან მოწვეული ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ. დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის "ა" და III ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მდებარე სამედიცინო დაწესებულება შპს "ლანცეტის" დირექტორმა, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, შპს "ლანცეტის" დირექტორმა მასმედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით, პაციენტების მოზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები და მოამზადა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს "ლანცეტში" თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები, რაშიც ასევე დაარწმუნეს გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით 2016 წლის 12 თებერვალს შპს "ლანცეტში" მისული საქართველოს მოქალაქეები - გ.ჩ. და კ.კ..
ოპერაციის ჩატარებამდე, შპს "ლანცეტის" დირექტორი ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს კლინიკა "ლანცეტი"-ს დირექტორმა ფ.ჯ.-მ და ბრალდებულმა მ.კ.-მ მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა და აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია, რის სანაცვლოდაც პაციენტებისგან მოითხოვეს ოპერაციისთვის საჭირო თანხის დაუყონებლივ გადახდა.
2016 წლის 28 თებერვალს პაციენტმა კ.კ.-მ შპს "ლანცეტის" ანგარიშზე ჩარიცხა ფულადი თანხა 99204 ლარის ოდენობით, საიდანაც თანხის ნაწილი 35000 ლარი ფ.ჯ.-მ გადასცა ბრალდებულ მ.კ-ს, ხოლო მეორე პაციენტთან 2016 წლის 7 მარტს ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, კლინიკა "ლანცეტის" იურისტმა გააფორმა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40.000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.
ტრანსპლანტაციის საბჭოს მხრიდან ოპერაციის ჩატარებაზე შპს "ლანცეტისთვის" უარის თქმის მიუხედავად, მ.კ.-ს მიერ 2016 წლის 3 მარტს და 8 მარტს ზემოხსენებულ პაციენტებს ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია. სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ.კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს.
გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოღვაწე ყველა ტრანსპლანტოლოგმა, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ ტრანსპლანტაციის ოპერაციას ან/და აქვთ თეორიული შემხებლობა ხსენებულ სამედიცინო დარგთან. დასკვნის თანახმად არცერთი პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება სასწრაფო არ იყო, ხოლო გ.ჩ.-სთვის დასმული ძირითადი დიაგნოზიდან არ დადასტურდა ის დიაგნოზი, რაზე დაყრდნობითაც უთითებდნენ ბრალდებული მ.კ. და შპს "ლანცეტის" დირექტორი, რომ ოპერაცია იყო გადაუდებელი და სასწრაფო.
მ.კ. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მ.კ.-ს მიმართ გამოცხადდება ძებნა.
მ.კ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შპს "ლანცეტი"-ს დირექტორის ფ.ჯ.-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული აქვს პატიმრობა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.