"გვიკვირს, რადგან ვერაფრით მოვახერხეთ თქვენი დარწმუნება, რომ ამ ცვლილებების განხორციელება არ შეიძლება" - ამ სიტყვებით მიმართა "პალიტრანიუსის" გენერალურმა დირექტორმა, ინგა დადიანმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.
მედიაორგანიზაციებთან შეხვედრისას ინგა დადიანმა განაცხადა, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში კერძო მაუწყებლების ვითარება დრამატული ხდება.
"ჩემმა კოლეგებმა ის არგუმენტები და ტკივილები თქვეს, რომელსაც ყველა ერთად ვიზიარებთ. მე მგონია, უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა მთელი მედია გაერთიანებულია. გვიკვირს, რადგან ვერაფრით მოვახერხეთ თქვენი დარწმუნება, რომ ამ ცვლილებების განხორციელება ნამდვილად არ შეიძლება. იმედი გვაქვს, ამ შეხვედრის შემდეგ დაგარწმუნებთ ამაში. რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს. ეს ის საშუალებაა, როცა შეუზღუდავად შეუძლია საზოგადოებრივ მაუწყებელს ზარდოს თავისი კომერციული რეკლამის რესურსი. მაუწყებელს შეუძლია თავისუფლად დაამატოს არხები, მათ შორის მთლიანად ერთი პროფილური სპორტული არხი, სადაც შეუზღუდავად იქნება რეკლამა. ეს ნიშნავს, რომ ახლანდელი 1 და 2 მილიონი შემდგომში გადაიზრდება 5-6 მილიონში და აქედან გამომდინარე, გაკონტროლება, ბაზრის რა ნაწილს წაიღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, იქნება ძალიან რთული", - განაცხადა ინგა დადიანმა.
"პალიტრანიუსის" გენერალური დირექტორი იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარის იდეას, რომ მომავალში დასხდნენ მაუწყებლები, ექსპერტები, დარგის პროფესიონალები და იმსჯელონ, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და რამდენი უნდა ჰქონდეს დაფინანსება.
"ძალიან კარგი იდეა გამოთქვით - იქნებ განვსაზღვროთ და დავალაგოთ, რა თანხებია საჭირო, რომ ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰქონდეს ქვეყანას, როგორიც ყველას უნდა, რა მოთხოვნებიც აქვს მის მიმართ, ფულში დაითვალოს. ის არგუმენტი, რომ 1-2 მილიონის დამატება ახლა რეიტინგს გაზრდის, ხელფასს გაუზრდის თანამშრომლებს თუ რა მოხდება - ჩვენ ვერ გავიგეთ. აქ ვინც ვსხედვართ, ძალიან კარგად ვიცით, რეიტინგის გაზრდისთვის რა გეგმა და რესურსი გჭირდება. ისიც კარგად გვესმის, რომ როცა 53 მილიონი გაქვს ქვეყანაში და ამას ვერ აკეთებ, მაშინ 2 მილიონი ნამდვილად ვერ შეგიცვლის იმას, რომ უცებ გახდე რეიტინგით პირველი, ან მეორე არხი ქვეყანაში. არითმეტიკულადაც არ გამოდის. დავილაპარაკოთ, როგორი შეიძლება იყოს მომავალი საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამ კუთხით ცვლილებებზეც ვილაპარაკოთ, არ ავჩქარდეთ ამ ვეტოს დაძლევით და იქნებ ეს ყველაფერი ერთ პროცესში გადავიყვანოთ. დაგვიჯერეთ, ყველა ერთიანი ვართ და ნამდვილად დრამატულია ჩვენთვის სიტუაცია", - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს ინგა დადიანმა.