პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დარწმუნებულია რუსლან ალდამოვის განცხადების სიმართლეში, რომ მაჩალიკაშვილის ნაცვლად მისთვის უნდა ესროლათ და სპეცრაზმს ისინი ერთმანეთში შეეშალა.
როგორც მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, სპეცოპერაციის ღამეს ერთ-ერთი სპეცრაზმელის ნათქვამი მოისმინა, რომ მათ სახლში მხოლოდ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ.
"უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემს შვილს შეცდომით ესროლეს. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა მოეკლათ მძინარე ბავშვი? მეც ვფიქრობ, რომ ალბათ, ალდამოვში აერიათ, მითუმეტეს, ამას თვითონ ალდამოვიც ამბობს: ისინი ბავშვობაში მეგობრობდნენ და ერთ სახელს - თემოს ეძახდნენ ორივეს", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
თავის მხრივ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ აღნიშნა, რომ რადგან ალდამოვი ამ ვერსიაზე საუბრობს, ე.ი. ამის კონკრეტული საფუძველი აქვს. მალხაზ მაჩალიკაშვილი, სუს-ის ხელმძღვანელისა და სპეცოპერაციის მონაწილე ყველა იმ პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, ვინც მისი შვილის "მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა".
"ამ დონეზე თუ ეშლება სახელმწიფოს ადამიანები, როგორ უნდა მქონდეს ამათი იმედი? სხვა უნდა მოეკლათ და მოდიან და 19 წლის უდანაშაულო ბავშვს მიკლავენ. ალბათ, აქვს ალდამოვს რაღაც საფუძველი, რომ თქვას ასეთი ვერსია. პირველივე დღეს ვეუბნებოდი სპეცრაზმს, რომ არასწორად იყვნენ მოსულები", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
პანკისში დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, რომ სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლეს, სინამდვილეში კი სპეცრაზმი მას ეძებდა.