სპორტული მედიცინის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, აშშ-ს ქალთა ოლიმპიური გუნდის ყოფილი ექიმი ლარი ნასარი დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტორს 40-დან 175 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება 150-ზე მეტი ქალის სექსუალური შევიწროების გამო მიიღო.
ნასარმა საკუთარი სამედიცინო პოზიცია გამოიყენა იმისთვის, რომ გოგონებზე ეძალადა. სასამართლო სხდომაზე მსხვერპლებს მან ბოდიში მოუხადა.
ამავე სხდომაზე მოსამართლე აქუილინამ ხმამაღლა წაიკითხა წერილი, რომელიც ნასარმა სასამართლოს ცოტა ხნის წინ გაუგზავნა. წერილში ექიმი აღნიშნავდა, რომ ქალები იტყუებოდნენ და მას არაფერი ჩაუდენია.
"მე კარგი ექიმი ვიყავი და ყოველთვის ეფექტიანად ვმკურნალობდი, ის ქალები კი, ვინც ახლა ძალადობაზე საუბრობენ, ყოველ ჯერზე ბრუნდებოდნენ ჩემთან," - წერდა ნასარი წერილში.
მოსამართლის თქმით, წერილი ადასტურებს, რომ ნასარს საკუთარი ბრალი არ გაუაზრებია.
"თქვენთან ძაღლსაც არ გამოვგზავნიდი," - უთხრა მას აქუილინამ.
ბოლო 1 კვირის მანძილზე სასამართლოში ნასარის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე 156-მა მსხვერპლმა ისაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ექიმთან ტრავმების სამკურნალოდ მიდიოდნენ, ის კი მათზე სექსუალურად ძალადობდა და ამბობდა, რომ ეს მკურნალობის ნაწილი იყო. სპორტსმენების თქმით, მათ ბრალდებებს ყურადღებას არ აქცევდა არცერთი ოფიციალური უწყება, მათ შორის - არც ამერიკის ოლიმპიური კომიტეტი.
ნასარი ყველა ბრალდებას თავად უსმენდა და გოგონების მონათხრობზე ცრემლებს ვერ იკავებდა.
წყარო cnn.com