"20 წლის წინ გავიგე, რომ პატარა საწარმოში ვაკანსია იყო ბუღალტერის პოზიციაზე. გასაუბრებაზე მივედი და ამიყვანეს. სულ 20-მდე თანამშრომელი ვიყავით და ერთმანეთს მაქსიმალურად ვეხმარებოდით. თავისუფალ დროს "სლაისერზეც" კი ვმუშაობდი. შაბათობით კი, მზარეული რომ ისვენებდა, თანამშრომლებს სადილს ვუმზადებდი. პირველ კორპორაციულ შეკრებაზე 30-მდე ვიყავით, ახლა კი თანამშრომლბლების რაოდენობა 4 000-ს აჭარბებს. თითოეული თანამშრომელი კი უკვე აქციონერებიც ვართ," - იხსენებს თამარ კახიანი, რომელიც უკვე 20 წელია "ნიკორას" თანამშრომელია.
20 წლის წინ "ნიკორა" მართლაც პატარა საწარმო იყო, რომელიც შეზღუდული რაოდენობის პროდუქციას აწარმოებდა. ყველაზე პოპულარული ივერია და რძიანი იყო. ახლა კი ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული.
"კომპანიის მესვეურებს ყოველთვის გამორჩეული გეგმები და ინიციატივები ჰქონდათ. თანამშრომლები ვეჭვობდით, თუ რამდენად რეალური იყო ეს იდეები და რამდენად შევძლებდით მათ განხორციელებას. თავად მათ კი ეჭვი არასდროს არაფერში შეპარვიათ, არაფრის ეშინოდათ და ყველა გეგმასაც წარმატებით ვასრულებდით ხოლმე. ყოველთვის შორს იხედებოდნენ და რისკავდნენ. ამ ყველაფრის შედეგია ის მასშტაბური ზრდა, რაც კომპანიამ განიცადა. ჩვენი, თანამშრომლების ერთსულოვნება და ერთმანეთის უანგარო დახმარებაც დიდ როლს ასრულებდა წარმატებაში," - ამბობს თამარ კახიანი.
20 წლის წინ თამარი სამტრედიიდან საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, სადაც მისი პირველი სამსახური ხორცპროდუქტები საწარმო "ნიკორა" იყო. 20-წლიანი ერთგულების შემდეგ, ის აღნიშნავს, რომ არც მომავალში აპირებს სხვაგან წასვლას, მით უმეტეს ახლა, როცა კომპანიის აქციები ყველა თანამშრომელს გადაეცა საჩუქრად და ახლა ისინი თანამშრომელთან ერთად, მფლობელებიც არიან.
"ჩემი პირველი სამსახური იყო თბილისში. კომპანია ისე დამიდგა გვერდით, რომ ცხოვრების ყველა რთული ეტაპის გადალახვაში დამეხმარა. არასდროს მიფიქრია სამსახურიდან წასვლა და ახლა ხომ გამორიცხულია," - დაამატა მან.
თამარი კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენებსაც იხსენებს:
"პირველად 10 000 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომ გავიდა დაუჯერებელი შედეგი გვეგონა. ახლა კი საოცარ მასშტაბებს მივაღიწეთ და მხოლოდ ე.წ. გარე ქსელში რამდენიმე მილიონიანი ბრუნვა გვაქვს. ეს ყველაფერი კი დამფუძნებლებთან ერთად, იმ ერთგული ადამიანების დამსახურებაა, ვინც წლებია, აქ ვმუშაობთ. ჩემი შრომის დაფასებაა ის აქციები, რომელიც მე გადმომეცა. ამაზე დიდი მოტივაცია, ალბათ, არ არსებობს. არსებობის მანძილზე კომპანიის განვითარების მასშტაბები მაფიქრებინებს, რომ ამ აქციების ღირებულება ისევე, როგორც თავად კომპანია, სამომავლოდაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩემს ძმასაც ვურჩიე აქციების ყიდვა და ალბათ, მეც კიდევ შევიძენ," - აღნიშნავს "ნიკორას" ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელი.
2018 წელს "ნიკორას" ბაზარზე არსებობის 20 წელი უსრულდება. სწორედ ამ საიუბილეო თარიღღან დაკავშირებით გადაწყვიტა კომპანიამ, რომ მისი თანამშრომლები აქციონერები გახდნენ.
"ჩვენ ერთად შევძელით ის, რომ დღეს "ნიკორა" კვების ინდუსტრიაში უპირობო ლიდერი და ქართული ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია. ეს დიდი შრომის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც 20 წლის განმავლობაში კომპანიის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობდა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აქ დასაქმებული ადამიანები. ამიტომ საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანიის აქციონერების გადაწყვეტილებით, თითოეულ თანამშრომელს სუპერმარკეტების ქსელის, "სს ნიკორა ტრეიდის" აქციები საჩუქრად გადაეცა. ჩვენ ვეცადეთ, თითოეულ თანამშრომელს ეგრძნო, რომ ის არა მხოლოდ რიგითი თანამშრომელი, არამედ კომპანიის მეპატრონეცაა", - განმარტავს სს "ნიკორას" გენერალური დირექტორი ირაკლი ბოქოლიშვილი.
"ნიკორა", ასევე, მზად არის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესთავაზოს კომპანიის აქციონერობა.
"ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანის ოჯახშია წარმოდგენილი. 2017 წელს "ნიკორა სუპერმარკეტის" მომსახურებით 43 მილიონამდე მომხმარებელმა ისარგებლა. გვსურს, რომ ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად გახდნენ კომპანიის ნაწილი და მისი მეპატრონეებიც კი. კომპანიის სააქციო საზოგადოებად გადაკეთება ნიშნავს იმას, რომ მის მართველობაში მონაწილეობას აქციონერებიც იღებენ. რაც უფრო მეტი აქციონერია, მით მეტი ადამიანია დაინტერესებული კომპანიის წარმატებით და წარმატებაც უფრო რეალური ხდება. მეორე მხრივ, აქციები დამატებითი კაპიტალის მოზიდვის საშუალებაა. მიღებული თანხა კი კომპანიის განვითარებას, გაძლიერებას, უკეთესი პროდუქციის გამოშვებას, უკეთესი მომსახურების გაწევას მოხმარდება. აქციონერები დივიდენდის განაწილების შემთხვევაში დივიდენდებს მიიღებენ - დაამატა მან.
აქციის შეძენის მსურველმა უნდა მიმართოს კომპანიის ადმინისტრაციას. შეთავაზების ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 1-ელ აპრილამდე. შეთავაზების პირობები, სრულყოფილი ინფორმაცია ემიტენტის შესახებ გაწერილია ემისიის პროსპექტში, რომელიც სს "ნიკორას" ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
"ნიკორა" წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. კომპანიას მსგავსი გამოცდილება ჰქონდა წარსულშიც. ჯერ კიდევ 2016/17 წლებში, როგორც "ნიკორა ტრეიდმა", ისე "ნიკორამ" წარმატებით განახორციელეს შესაბამისად 5 და 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კუპონური ობლიგაციების გამოშვება, რაც ერთმნიშვნელოვნად "ნიკორასადმი" დიდი ნდობის დასტურია.
ნანა მღებრიშვილი