2018 წლის 13 იანვარს ტრაპზონის საერთაშორისო აეროპორტში მცირე საავიაციო ინციდენტი მოხდა. ანკარიდან რეგულარული რეისით მომავალი ავიაკომპანია Pegasus-ის კუთვნილი საჰაერო ხომალდი Boeing 737-800-ი დაშვებისას ასაფრენ-დასაფრენ ზოლს გასცდა. თვითმფრინავს და მის ბორტზე მყოფ 168 ადამიანს ძალიან გაუმართლა - ბეტონის საფარს გაცდენილი და ფაქტობრივად ხევში გადავარდნილი თვითმფრინავი შავი ზღვიდან 10 მ-ში გაჩერდა. საბედნიეროდ ბორტზე მყოფთაგან არავინ დაშავებულა.
საფრენოსნო პერსონალის მუდმივი მომზადების და საფრენი აპარატების ყოველდღიური შემოწმების მიუხედავად, მსგავსი შემთხვევები ხშირია. ნაწილი ტექნიკური გაუმართაობით არის გამოწვეული, ნაწილი კი - ეკიპაჟის დაუდევრობით ან ადამიანური ფაქტორით.
სამწუხაროდ, ავარიები, საავიაციო შემთხვევები და კატასტროფები ავიაციის განუყოფელი ნაწილია. სტატისტიკურად, სამოქალაქო ავიამიმოსვლასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების ლომის წილი სწორედ საჰაერო ხომალდების აფრენა-დაშვებაზე მოდის.
საჰაერო მიმოსვლას უსაფრთხოების საკუთარი წესები აქვს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ალბათ ყველა ჩვენგანს დაურღვევია. დაშვების და დამუხრუჭების შემდეგ, ავიალაინერის ე.წ. "გეითამდე" მოძრაობის დროს ალბათ ბევრ ჩვენგანს დროზე ადრე შეუხსნია უსაფრთხოების ღვედი, წამომდგარა ფეხზე და დროის მოგების მიზნით საკუთარი ბარგის მომზადება დაუწყია. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, მსგავსი რამ ყოვლად დაუშვებელია.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ეკიპაჟის მეთაური (ან მეორე მფრინავი) ღილაკს, რომელიც მგზავრებს უსაფრთხოების ღვედების შეხსნის შესაძლებლობის შესახებ აუწყებს, მხოლოდ თვითმფრინავის სრული გაჩერების შემდეგ აწვება. ხშირად მოუთმენელი მგზავრების შესაჩერებლად ბორტგამცილებლებს დამატებითი განცხადებების გაკეთებაც კი უწევთ.
დაშვების შემდეგ ბევრს გონია, რომ ვინაიდან ფრენა დამთავრდა და თვითმფრინავი მიწაზეა, საშიში აღარაფერი შეიძლება მოხდეს. 2006 წლის 9 ივლისს რუსეთში, ირკუტსკის აეროპორტში მსხვილი ავიაკატასტროფა მოხდა. დაშვების შემდეგ, ავიაკომპანია "სიბირის" ავიალაინერმა A310-ი დამუხრუჭება ვერ შეძლო. შემცირების ნაცვლად, გარკვეული დროის შემდეგ, მან სიჩქარის აკრეფა განაგრძო და 180 კმ/სთ სიჩქარისას ასაფრენ-დასაფრენ ზოლს გასცდა, გაარღვია აეროპორტის ბეტონის ღობე და ნაგებობებს შეეჯახა. ინცინდენტის შედეგად, რომელიც ეკიპაჟის შეცდომით იყო გამოწვეული, ბორტზე მყოფი 203 ადამიანიდან 125 დაიღუპა.
თვითმფრინავში ჩაჯდომის შემდეგ თქვენი უსაფრთხოება ათობით ფაქტორის გამართულ და შეთანხმებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. გაგიკვირდებათ და საჰაერო ხომალდები ერთმანეთს არა მხოლოდ ჰაერში ეჯახებიან. პერიოდულად თვითმფრინავების მონაწილეობით "ავტოსაგზაო" შემთხვევები "გეითისკენ" ან "გეითიდან" მიწაზე გადაადგილების დროსაც ხდება. ასეთ დროს უსაფრთხოების ღვედმა შესაძლოა ტრავმებისგან და სხეულის დაზიანებებისგან გიხსნათ. როგორი დამღლელიც არ უნდა იყოს ფრენა, მაქსიმალურად შეეცადეთ დაიცვათ უსაფრთხოების წესები და დაემორჩილოთ ეკიპაჟის განკარგულებებს.
უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, 1992 წლის 20 ივლისს უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ავიაკატასტროფის მთავარი ფიგურანტი - ლაინერი Ту-154Б ახლადშექმნილი ქართული ავიაკომპანია Transair Georgia-ს კუთვნილება გახდა. იმ დღეს ქართული ჩაით დატვირთული თვითმფრინავი რუსეთში სტავროპოლის მხარეში მიფრინავდა. დოკუმენტებით, ბორტზე 6,4 ტ ტვირთი იყო განთავსებული. რეალურად კი მისი წონა 20 ტონით მეტი იყო. Ту-154Б დასაშვებ ნორმაზე თითქმის 2 ტონით მეტად იყო გადატვირთული. შედეგად, თვითმფრინავმა აფრენა ვერ შეძლო. ასაფრენ ბილიკს თითქმის 600 მ გაცდა და ხევში ჩავარდა. კატასტროფას ბორტზე მყოფი 24 ადამიანიდან ვერავინ გადაურჩა. კიდევ 4 ადამიანი მიწაზე დაიღუპა.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ
წაიკითხეთ ასევე: თბილისსა და მსოფლიოში მომხდარი ავიაკატასტროფები, რომლებსაც ჩამოვარდნის ადგილზე უფრო მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე ბორტზე