"ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში "ჯაველინების" სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შესძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი.
ლევან იზორიამ იან კელის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საუბარი შეეხო ასევე სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ჯეიმს მორისი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონ მეიერსი დაესწრნენ.