საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის დაახლოებით 20% აზარტულ თამაშებში იხარჯება.
ზოგიერთი მოთამაშე კაზინოებსა და ტოტალიზატორებში - შემოსავლის ნახევარს, ზოგიც მთელ ჯამაგირს ტოვებს. როგორც ირკვევა, ყველაზე მეტად ხალხი ტოტალიზატორებზეა დამოკიდებული. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მხოლოდ კაზინოებსა და ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულების გამო 2017 წელს მოსახლეობის შემოსავალი 12%-ით შემცირდა. ეს არის ის ხარკი, რომელსაც ადამიანები უხდიან საკრედიტო დაწესებულებებს ან რასაც ადამიანი ოჯახის წევრების მალულად სათამაშო ბიზნესში ხარჯავს.
თუკი მაღალშემოსავლიანი სეგმენტი ძირითადად სამორინეებზეა დამოკიდებული, ტოტალიზატორსა და ონლაინ თამაშებში უბრალო ხალხი მასობრივადაა ჩაბმული, მათ შორის ისეთებიც, რომელთაც საერთოდ არ აქვთ შემოსავალი და ოჯახს ლუკმაპურის სახსარსაც აცლიან. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საბანკო კრედიტზე დამოკიდებულების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი სწორედ აზარტული თამაშებია.
სიტუაცია არ შეიცვლება, სანამ კანონპროექტში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ცვლილება არ შევა ძალაში. რამდენიმე წელია, რაც ხელისუფლებაში საკანონმდებლო ცვლილებაზე მიდის საუბარი, კანონპროექტზე მუშაობაც დასრულებულია, მაგრამ მისი მიღება ჭიანურდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის შესაბამისი კანონმდებლობით დარეგულირება ჯერ კიდევ 2005 წლიდან დაიწყო. მოგვიანებით, 2012 წელს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანაზე აქტიურად დაიწყო მსჯელობა. მათ შორის,
მერვე მოწვევის პარლამენტში აღნიშნული საკითხი არაერთხელ იდგა დღის წესრიგში, თუმცა პროექტის მომზადება ვერ მოხდა.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის დონეზეა, არის ის, რომ აზარტულ თამაშებში ადამიანები, 18-ის ნაცვლად, დაიშვებიან 21 წლიდან. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის, შესაძლოა, სათამაშო ობიექტზე მისვლა გახდეს სავალდებულო, სადაც ადგილზე შეამოწმებენ, აქვს თუ არა მოქალაქეს თამაშის უფლება. ამასთან, შეიძლება შეიქმნას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ მოქალაქეთა სია. ამ სიაში მოხვედრის შემთხვევაში პირს სამორინეებსა და ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდება. განაგრძეთ კითხვა