სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დროებით დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გენინსპექციას მიმართავს.
როგორც ალექსანდრე კობაიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, 16 იანვარს, როდესაც გიორგი ჭანტურია დააკავეს, ადვოკატის მისვლამდე, დაკითხვის დროს, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, მასზე შსს-ს მაღალჩინოსანმა ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.
"პირველი დაკითხვის დროს, მანამდე, სანამ მე შევიდოდი საგამოძიებო უწყებაში, როგორც გიორგიმ მითხრა, ვინმე კახა ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. როგორც გიორგიმ განმიცხადა, ეს იყო მინისტრის პირველი მოადგილე. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გენინსპექციას აუცილებლად მივმართავთ, მაგრამ დღეს თუ ხვალ, ეს ჯერ არ ვიცით", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 16 იანვარს ე.წ. სტამბოლის ბაზრის ყოფილი მეწილის შვილი, გიორგი ჭანტურია დააკავეს და 40 საათში ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. გიორგი ჭანტურია გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაში 20 იანვარსაც დაიბარეს. ჭანტურიამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობა შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, ძველი რუსთავის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამართალდამცველებმა სამძებრო ღონისძიებები დღეს განაახლეს.
სამძებრო ღონისძიებებში სპეციალური ტექნიკით მაშველები მონაწილეობენ. ადგილზე იმყოფებიან მყვინთავები. სამართალდამცველებს სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი და ყოფილი პარლამენტარი სამსონ ქუთათელაძე რამდენიმე დღის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლეს. მას 6 ტყვია აქვს მოხვედრილი.