საფერავი (წითელი მშრალი), რქაწითელი (თეთრი მშრალი) და ქინძმარაული (წითელი ნახვერადტკბილი) - სწორედ ასე გამოიყურება სამეული, რომელიც პროექტის"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში გამოვლინდა. ღვინის პალიტრა მედიას მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში ხმის მიცემა ბრმა დეგუსტაციის შედეგად და ასევე, ონლაინ რეჟიმში ვებგვერდის allwine.ge-ს საშუალებით მიმდინარეობდა. საერთო ჯამში მასში 250 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხმის მიცემა ეხლაც გრძელდება.
მოგვიანებით, ცნობილი გახდება, კიდევ რომელი ღვინოები იკავებენ ადგილს საუკეთესო ათეულში. პროექტის მეორე ეტაპი ხალხის მიერ არჩეული ღვინოების პოპულარიზაციაზე ზრუნვას გულისხმობს. ორგანიზატორების განმარტებით, პროექტის საბოლოო მიზანი ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარობის გაზრდაა, როგორც საქართველოში, ასევე ტურისტებში.
"ეს არ არის მხოლოდ ლოკალური და ქართველ მომხმარებელზე გათვლილი პროექტი. შერჩეული 10 ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება და უცხოელი ვიზიტორებისთვის საუკეთესო სასაჩუქრე კრებული იქნება," - განმარტავს პროექტის ხელმძღვანელიირაკლი საამიშვილი.
პროექტი ოქტომბერში „ქართული ღვინის ფესტივალზე" დაიწყო ხმის მიცემა 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საზოგადოების ჩართულობა პროექტში საკმაოდ მაღალია. ონლაინ რეჟიმში ღვინის ონლაინმაღაზიის ვებგვერდზე allwine.ge 130 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა საკუთარ რჩეულს. პარალელურად, კომპანიამ მოაწყო არაერთი ღონისძიება, სადაც 23 ღვინის სახეობის ბრმა დეგუსტაცია მიმდინარეობდა და მისული სტუმრები დაგემოვნების შედეგად სასურველ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი სახეობა იყო ის.
ანალოგიური ბრმა დეგუსტაციები კიდევ რამდენჯერმე მოეწყო როგორც სხვადასხვა ფესტივალებზე და საზოგადოებრივ ადგილებში, ისე ღვინის ონლაინმაღაზია allwine.ge-ის სადეგუსტაციო კუთხეებში.
პროექტი „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" ქართულ ღვინოს უფრო პოპულარულს და მარტივად ხელმისაწვდომს გახდის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. რჩეული ღვინოები განსაკუთრებული შეფუთვით გაიყიდება მრავალ წერტილში და მათ შორის, აეროპორტშიც. ის გახდება საუკეთესო საჩუქარი როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვის. ტურისტებისთვის ეს დიდი შესაძლებლობა იქნება, რომ მარტივად აღმოაჩინონ საუკეთესო ქართული ღვინოები და დარწმუნდნენ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოს ტიტულს ნამდვილად იმსახურებს.