ცხინვალში მოკლული მარეკ დუდაევის გარშემო, რომელმაც ქართულ ციხეში თითქმის ათი წელი გაატარა, საზოგადოების ინტერესი არ ცხრება. ამის დასტურია მის შესახებ გავრცელებული უამრავი, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია... ჩვენ ქართული ციხის ყოფილი პატიმრის ადვოკატს, ნათია სირაძეს ვესაუბრეთ.
"ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი და ამას ძალიან განიცდიდა, ვიცით, ალბათ 90-იან წლებში რა განუკითხაობაც ხდებოდა. ვინ დაიწყო და როგორ, ამას ოდესმე ისტორია შეაფასებს, მაგრამ მაშინდელმა პოლიტიკამ, ძალიან ბევრ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება... ქართველები და ოსები ერთმანეთს ოჯახის წევრებს უხოცავდნენ და ამას "სისხლის აღებას" ეძახდნენ. ისედაც მძიმე ცხოვრება დუდაევს, მაგრამ უფრო მეტი დააბრალეს. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთი იყო, ბესიკ თენაძის ამბავი, რომელიც მისივე სოფელში, ე.წ. ბირჟაზე მარეკის მოსაკლავად იყო მისული, უბრალოდ, ამან დაასწრო და პირველმა ესროლა... ეს იყო თავდაცვა, თუმცა, მაინც მკვლელობად ჩაუთვალეს...
რაც შეეხება დაკავებას, - მას მწყემსები ჰყავდა, სასაქონლო მეურნეობა ჰქონდა, ორი ქართველი ბიჭი ჰყავდა მწყემსად აყვანილი, რომლებიც ქართველმა სამართალდამცავებმა, ფერმაშივე გაკოჭეს და მარეკსაც ჩაუსაფრდნენ. მას ყოველ დილით მათთვის საჭმელი მიჰქონდა. დაძახებაზე რომ კარები არ გაუღეს, იფიქრა, - ხომ არ ჩაეძინათო და სახლთან რამდენიმე მეტრში ესროლეს, - რამდენიმე გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. შემდეგ სამართალდამცავებმა ბევრი რამ შეცვალეს და როგორც თავად აწყობდათ ისე შეადგინეს საქმე... დაკავების შემდეგ, მითხრა, რომ ქართველი ძალოვნები მოლაპარაკებას სთავაზობდნენ, მაგრამ არ დასთანხმდა..." - იხსენებს ადვოკატი.
წაიკითხეთ: შურისძიებიდან კრიმინალამდე - ვინ იყო ცხინვალში მოკლული მარეკ დუდაევი?
რაც შეეხება დუდაევის ციხეში ცხოვრებას, არსებული ინფორმაციით, ის ციხეში, მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა:
"ერთხელ მითხრა, იმდენად მძიმე ცხოვრება მქონდა, ნეტავ რატომ გადავრჩიო, - ამის შემდეგ ვურჩიე მონათვლა და თავად გადაწყვიტა, პატრიარქს მოენათლა და სთხოვა, რაზეც, როგორც ირკვევა, პატრიარქს უარი არ უთქვამს... ციხეშივე მონათლეს და ამის შემდეგ, თითქოს ცოტა დამშვიდდა. მე მასთან მუდმივი ურთიერთობა მქონდა, იმ წლებში მისი ცემის საშიშროება იყო, თუმცა, ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრების შესახებ გაიგეს, მიუხედავად იმისა, რომ კარგი წარსული არ ჰქონდა, ქართველ პატიმრები ძალიან დიდ პატივს სცემდნენ" - ამბობს ნათია სირაძე, რომლის თქმითაც, რამდენიმე ბრალი, მათ შორის, ყაჩაღობებზე, მოუხსნეს, რადგან სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ადვოკატის თქმით, მას გორის პროკურორის, აკაკი ტერაშვილის დისშვილი ჰყავდა ცოლად და შვილებიც ჰყავდა, თუმცა, ცხინვალში დაბრუნების შემდეგ ჰქონდათ თუ არა მათთან ურთიერთობა, ამის შესახებ არაფერი იცის... სირაძის თქმით, მასაც სმენია დუდაევის ძმაზე, ერიკ დუდაევსა და ცხონვალში, მის "პოლიტიკურ კარიერაზე", თუმცა, მას არ იცნობდა და ამის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იცის...
ადვოკატი ნათია სირაძე ასევე იხსნებს, რომ ცხინვალში დაბრუნების შემდეგ, მარეკ დუდაევი შეეხმიანა და სახლში დაპატიჟა:
"მგონი, დაბადების დღეს იხდიდა, - სუფრა მაქვს და გეპატიჟებით, ჩემები მანქანით დაგხვდებიან და წამოგიყვანენო, მითხრა... ვერ წავედი, თუმცა, არა, უნდობლობის გამო, - პირადი პრობლემები მქონდა. მას შემდეგ არ შემხმიანებია..." - ამბობს ის და დასძენს, რომ "როგორც ჩანს, ცხინვალში დაბრუნების შემდეგ, იმ წრიდან გამოსვლა ვერ შეძლო და ცხოვრება ისევ ძველ გარემოში განაგრძო, რამაც შეიწირა კიდეც..."
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE