ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის პრესსსამსახური "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის კომენტარის საპასუხოდ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ჯაფარიძემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბასიანზე" სამი პირის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის მამა არის გიორგი რამიშვილის "ძალიან ახლობელი" და მისი კონტაქტებით ოჯახი ცდილობდა საქმე ჩაეფარცხა.
რამიშვილის პრესსამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"გიორგი რამიშვილის პრესსსამსახური მედიაში ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული პროვოკაციული და ცილისმწამებლური შეფასების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.
გიორგი რამიშვილს 13 იანვარს მომხდარ ინციდენტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, ისევე როგორც არ აქვს არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ ქვლივიძესთან. თამაზ ქვლივიძის მამიდა არის ჩვენი ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი (ვიცნობთ მას ძალიან დადებით პიროვნებად). თუმცა, ეს არ შეიძლება გახდეს სიცრუის ტირაჟირების და უპასუხისმგებლო განცხადებების გავრცელების მიზეზი.
ვემიჯნებით და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ გავარკვიოთ, რას ემსახურება ეს მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა. თამაზ ქვლივიძე დღეს სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.