აკნე მძიმე დაავადება არ არის, მაგრამ მაინც "ახერხებს" გუნება გაუფუჭოს ადამიანებს, განსაკუთრებით თინეიჯერებს - ამ ასაკში ხომ ადამიანი ესთეტიკურ სილამაზეს ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს. თუმცა არსებობს შუახნის ქალბატონების აკნეც, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. და მაინც, არავინ იფიქროს, რომ აკნესთან დაკავშირებით საშველი არ არის. ამ და სხვა საკითხებზე დერმატოლოგი მაკა გოგსაძე გვესაუბრება.
- ქალბატონო მაკა, როგორ ჩნდება ეს შემაწუხებელი აკნე?
- აკნეს გამომწვევი მიზეზები შინაგანია, მათ შორის 3 ძირითადი მიზეზი შეიძლება გამოვყოთ: ჰორმონალური დისბალანსი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის შეფერხება; ცხვირ-ხახის ქრონიკული ანთება.
ამ მიზეზების დროს კანის ცხიმოვან ჯირკვლებში ზომაზე მეტი ცხიმი გამომუშავდება. ამას ემატება თმის ფოლიკულში გარქოვანებული უჯრედების ჭარბი წარმოქმნა. ეს ყველაფერი ფოლიკულაში გროვდება, იბერება და სადინარები იხშობა. როცა მათში ბაქტერიები სახლდება, გარდაუვალია ანთებითი პროცესის დაწყება. სწორედ ამ დროს წარმოიქმნება აკნეს აგრესიული ვარიანტები: პაპულა - ანთებადი, შეწითლებული, მაგარი, მუწუკისმაგვარი წარმონაქმნი; პუსტულა - ჩირქიანი წარმონაქმნი, რომელსაც გარს შეწითლებული კანი არტყია; ნოდულა - უფრო დიდი ზომის, კანში ღრმად ჩამჯდარი, ძლიერ მტკივნეული წარმონაქმნი, რომელმაც შესაძლოა ნაწიბურიც კი დატოვოს და კისტაც. აკნე მოზარდების დაახლოებით 80%-ს აწუხებს.
- რას იტყვით ვარდისფერ ფერიმჭამელაზე?
- ვარდისფერი ფერიმჭამელა, ანუ როზაცეა, შუახანში ჩნდება - ქალბატონებს ზოგჯერ გამათბობელთან ახლოს ჯდომის, მზეზე სიარულის შედეგად ლოყებზე, ცხვირზე, შუბლზე, ნიკაპზე კანი უწითლდებათ, რასაც მოგვიანებით წამოხურებაც ერთვის. თუ პრობლემა ღრმავდება და უყურადღებოდ რჩება, მაშინ სახეზე გამოიკვეთება წვრილი სისხლძარღვები, რომელიც თავდაპირველად გარდამავალია, მაგრამ უყურადღებობის შემთხვევაში მას შესაძლოა აკნე-როზაცეაც, აკნეს ვარდისფერი გამონაყარი დაერთოს..
- იკურნება თუ არა აკნე?
- აკნე იკურნება, მაგრამ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც აუცილებლად რამდენიმე სპეციალისტმა უნდა წარმართოს: დერმატოლოგმა, გინეკოლოგმა, ენდოკრინოლოგმა და გასტროენტეროლოგმა. აკნეს მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს ლაბორატორიული ანალიზები, უპირველესად ჰორმონული, ასევე მოხდეს ცხვირ-ხახის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მივაღწიოთ დადებით შედეგს.
გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაციის შემდეგ დერმატოლოგი იწყებს კანზე მუშაობას. დასაწყისში გამოიყენება ანტიბაქტერიული კრემები და მალამოები. თუ 1-2 კვირაში მათ შედეგი არ მოჰყვა, პროცესში ერთვება ანტიბიოტიკები, ასევე კომბინირებული კონტრაცეპტივები, Aვიტამინის შემცველი პრეპარატები და მალამოები, რომლებიც ათავისუფლებენ დახშულ ფორებს და აფერხებენ აკნეს განვითარებას. ბოლო დროს ეფექტიანი აღმოჩნდა აკნეს ლაზერით მკურნალობა.
პაციენტებმა უნდა დაიცვან დიეტა - უარი თქვან პროდუქტებზე, რომლებიც იწვევენ ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულ მოქმედებას: ალკოჰოლი, ყავა, ცხიმიანი და შებოლილი საკვები. ასევე, სასურველია ტკბილეულის შეზღუდვა. უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი - 1,5-2 ლ დღის მანძილზე.
აკნეს პროფილაქტიკისთვის ხშირად მარტივი ჰიგიენური ნორმების დაცვაც კი საკმარისია: თუ სახე შავწერტილოვანი გამონაყარით დაიფარა, დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, დაიბანეთ სპეციალური საშუალებებით, გარდა ამისა, აუცილებელია სახის ჩამობანა ვარჯიშის და ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგაც. ფერიმჭამელებიანი სახის კანის მოვლა თმის მოვლასაც ითვალისწინებს. თუ გაქვთ გამონაყარი და ამავე დროს თმაც ცხიმიანია, თავი ხშირად დაიბანეთ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით.
- ალბათ ძალზე საფრთხილოა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაც.
- ამ შემთხვევაშიც სპეციალისტის კონსულტაციაა საჭირო, - როგორც სამკურნალო, ისე დეკორატიული კოსმეტიკის დიდი ნაწილი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებსაც აკნეს პროვოცირება შეიძლება მოჰყვეს.
სამი ძირითადი შეზღუდვა: არასოდეს ამოიღოთ ფერიმჭამელები დამოუკიდებლად - შესაძლოა ჯანმრთელი ქსოვილის დაინფიცირება; არ გამოიყენოთ სპირტის მაღალი შემცველობის მქონე საპონი და ლოსიონები, რადგან ისინი კანს აშრობენ და აღიზიანებენ. ამ დროს ცხიმოვანი ჯირკვლები უფრო აქტიურდებიან და აკნეც მატულობს; არ შეიძლება კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება დაავადების გამწვავების პროცესში.
ეთერ ერაძე