კლუბ "ბასიანზე" სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლო. პროკურატურამ მეორე ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდება ქვლივიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
მეორეს მხრივ, ქვლივიძის ოჯახი და ადვოკატი მიიჩნევენ, რომ შეფარდებული გირაო საკმარისია იმისთვის, რომ საქმეზე მართლმსაჯულება იყოს უზრუნველყოფილი.
დაცვის სამსახურის უფროსის, დაცვის თანამშრომლისა და ერთი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული 27 წლის თამაზ ქვლივიძის მამიდა თამარ ქვლივიძე, ფეისბუქის პირად გვერდზე ინციდენტის და მისი ძმისშვილის შესახებ წერს. თამარ ქვლივიძის თქმით, ბოლო დღეებში მისი ოჯახის მიმართ უამრავი ცილისწამება მოისმინა საზოგადოების მხრიდან:
"გადავიკითხე ნაჯა ორაშვილის ("ბასიანის" დამფუძნებელი) ვოლზე, ყველა ის პოსტი, რომელიც 13 იანვარს, კლუბ ბასიანში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება და რომლის "მთავარი გმირი" ჩემი ძმიშვილი - თაზო ქვლივიძეა.
მე მის საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ ყოველთვის ვეცდები დავიცვა მისი და ჩემი ოჯახის ღირსება... ის არც მკვლელია და არც მოძალადე!!! ამდენი ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ამ დღეებში ჩემი ოჯახის მიმართ გაისმის, ჯერ არ მსმენია... ადამიანს დანით მოკლავ, თუ სიტყვით, რა მნიშვნელობა აქვს... გთხოვთ, იყავით კორექტული და ნუ გადადიხართ ზღვარს...
ჩვენ არც პრივილეგირებული ოჯახი ვართ და არც პრივილეგიებით ვსარგებლობთ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია.... ამასაც გადავიტანთ და ჩვენთანაც მოვა გაზაფხული... გამოჯამრთელებას ვუსურვებ ზვიად მესხს (დაჭრილი დაცვის უფროსი) და თუ როდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შეუყვარდება..." - წერს თამარ ქვლივიძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი სამართალდამცველისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებული, თამაზ ქვლივიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
წაიკითხეთ: