კლუბ "ბასიანის" დაცვის სამსახურის უფროსი ზვიად მესხი თბილისის პროკურატურაში იმყოფება. ის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა.
როგორც ზვიად მესხმა დღეს, გამოკითხვაზე დაბარებამდე Ambebi.ge-სთან საუბარში განაცხადა, თანამშრომელთან ერთად ის სასიკვდილოდ გაწირეს. მისივე თქმით, რომ არა პოლიციის უფროსის მოადგილე, დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 13 იანვარს თბილისში, ა.წერეთლის გამზირზე, კლუბი "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს - 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს - 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს - 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1990 წელს დაბადებული თ.ქ. თბილისში დააკავეს. თ.ქ.-ს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდებულ პირს, გირაოს სანაცვლოდ 30 000 ლარი შეეფარდა.