კლუბ "ბასიანთან" მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის მამა პაატა ქვლივიძე ტელეკომპანია "პალიტრანიუსთან" პირველ კომენტარს აკეთებს.
"რა ვქნა, მოსამართლემ ასე ჩათვალა საჭიროდ და გამოუშვა, მე არავისთვის მითხოვნია, არ მყავს პატრონი, რომ ვიღაცები ჩამერია" - ამბობს ქვლივიძე.
როგორც ბრალდებულის მამამ აღნიშნა, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის მოსამართლის გადაწყვეტილებაში რაიმე ფორმით ჩაერია. მისივე თქმით, იგი ამჟამად უმუშევარია.
"ვიღაცა რაღაცას დაწერს... ასე არ შეიძლება. ჯერ ეს ერთი არსად ვმუშაობ, უმუშევარი ვარ. ვმუშაობდი და გაუქმდა ჩვენი სამსახური და უკვე წელიწადნახევარია უმუშევარი ვარ. მეგობრებმა რაღაც შევაგროვეთ და გირაო შევიტანეთ. არც ველოდით. მოსამართლემაც რომ დაინახა ჩემი შვილი, მიხვდა ალბათ, რომ წესიერი ადამიანია, არ არის მკვლელი და გაითვალისწინა ყველაფერი.
გამოძიება მიმდინარეობს და გამოიძიებს ყველაფერს. არც მე და არც ჩემი შვილი არ გავექცევით არაფერს. ჩვეულებრივ ჩაბარდება კიდეც და ჩვეულებრივ მოხდება ყველაფერი. რა ვქნა, მოსამართლემ ასე ჩათვალა საჭიროდ და გამოუშვა. მე არავისთვის მითხოვნია. არ მყავს პატრონი, რომ ვიღაცები ჩამერია. მე თვითონ უმუშევარი ვარ. რაღაც "თოლიას" წილი მაქვს, თუმცა ვალებისკენ მიდის ყველაფერი. მე არც ოლიგარქი ვარ, არც "ოცნების" წევრი ვარ",- განაცხადა პაატა ქვლივიძემ.
ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ ინციდენტის და შეკამათების გამომწვევი არა მისი შვილი, არამედ მეორე მხარე იყო. "მესმის, რომ არ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, თუმცა, ყველას მოსდის რაღაც შეცდომა. ახალგაზრდები იცით, როგორც არიან. ყველა არ არის ერთნაირი და სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ამათგან არ არის დაწყებული, დაწყებულია იმათი მხრიდან. გვაპატიონ, ვეუბნებით და შევუთვალე კიდეც. ამ ბიჭმაც თქვა, რომ არ უნდა მომექნიაო, მაგრამ მოხდა. ხდება ყველაფერი, თუმცა არ არის ჩემი შვილი მკვლელი და ნაძირალა. ის არც კლუბებში დადის", -განაცხადა პაატა ქვლივიძემ.