ოთხოზორიას საქმე: ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ ჩივის - რას გადაწყვეტს სტრასბურგი?

ოთხოზორიას საქმე: ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ ჩივის - რას გადაწყვეტს სტრასბურგი?

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის სახელით საჩივარი შევიდა... საჩივარი ოთხოზორიებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეიტანეს. მისი ავტორები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი" (EHRAC) არიან. სტრასბურგში წარდგენილ საჩივარში საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ევროპული კონვენციის მეორე (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები.

საჩივრის ავტორების თქმით, საქმის ადრესატად რუსეთი შემთხვევით არ არის მითითებული, - ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევევაზე, რეგიონის ე.წ. ხელისუფლების ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც სახელმწიფოს, რომელიც აფხაზეთში კონტროლს ახორციელებს.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან, საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს... ის გარდაცვლილი ნათესავის ქელეხის სუფრისთვის პროდუქტის გადაგზავნას ცდილობდა.

სოფელ ნაბაკევის მხარეს გადასულ ოთხოზორიას სეპარატისტთა ე.წ საბაჟოზე, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ბარათის წარდგენა მოთხოვეს, შემდეგ კი რაშიდ კანჯი-ოღლიმ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა, თანმხლებმა პირებმა ოთხოზორია გამოარიდეს და ხურჩისკენ წამოიყვანეს.

თუმცა, კამათის შემდეგ, კანჯი ოღლიმ "საკონტროლო პუნქტი" დატოვა და ოთხ შეიარაღებულ აფხაზთან ერთად ოთხოზორიას უკვე ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაედევნა. რის შემდეგაც, მას ჯერ ფეხისა და მუცლის არეში ესროლა. ბოლოს, უკვე წაქცეული ქართველი საკონტროლო გასროლით მოკლა. მას 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ეს მკვლელობა სათვალთვალო კამერებზეა აღბეჭდილი.

ამასთან, მომხდარს თვითმხილველები ჰყავს. კანჯი-ოღლის ინციდენტის დროს თან ახლდა სამი თანამშრომელი. შემთხვევა გამშვები პუნქტის ვიდეოკამერებმა დააფიქსირა. კადრები სოციალურ ქსელებში დღემდე ხელმისაწვდომია - ვიდეომასალაში ჩანს, რომ აფხაზეთის ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლისა და ოთხოზორიას შორის შეკამათება მოხდა (იხილეთ ვიდეო).

ამ ფაქტს მაშინ აფხაზურ საზოგადოებაშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, - თავდაპირველად, მათი აზრები გაიყო; ერთი ნაწილის თქმით, - ოთხოზორიამ "საზღვარი დაარღვია, მესაზღვრის ბრძანებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც, კანჯი-ოღლი ვალდებული იყო სახელმწიფო საზღვარი დაეცვა..." - წერდნენ ისინი. მართალია, აბსოლუტურ უმცირესობაში იყვნენ, თუმცა, სოციალურ ქსელში განსხვავებული პოზიციის მქონეებიც დაფიქსირდა, - მათი შეფასებით, "მესაზღვრემ უიარაღო ადამიანს ესროლა. ეს კი უკიდურესად უღირსი საქციელია".

"შეეძლო დაეკავებინა და იზოლატორში გადაეყვანათ. ამის ასობით მაგალითი გვაქვს - დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ აკავებენ და საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ასამართლებენ. კანჯი-ოღლის კი ასე მოქცევისთვის, პროფესიონალიზმი არ ეყო, ის მას ქართულ ტეროტირიაზე შეუვარდა... ჩვენებიც გადადიოდნენ იქით შემოვლითი გზებით, ზოგი სავაჭროდ, ზოგი სამკურნალოდ ან სტუმრად და ამისთვის უნდა დაეხოცათ?!" - კითხულობდნენ ისინი, თუმცა, სოციალურ ქსელებში აქტიურ აფხაზურ საზოგადოებაში ქართველების მიმართ, თუნდაც ადამიანური სოლიდარობის გამო გამოხატული დადებითი განწყობა ჯერ კიდევ "აფხაზეთის ღალატად" აღიქმება. მათაც გაჩუმება ამჯობინეს...

აფხაზების კიდევ ერთი ნაწილის ინფორმაციით, ახალგაზრდა რაშიდ-კანჯი ოღლი "აფხაზების ეროვნული გმირის", 90-იანი წლების მონაწილე, რაულ კანჯი-ოღლის შვილია: "ძნელია, გმირის შვილს ასეთ საქმეზე პასუხი აგებინო... მით უფრო, რომ მამამისი, 90-იან წლებში ქართველებმა გაიტაცეს და წამებით მოკლეს. შემდეგ სახლიც გადაუწვეს. მაშინ, რაშიდ კანჯი-ოღლი მცირეწლოვანი იყო. ოჯახი კარგა ხანს ნათესავების სახლში ცხოვრობდა, შემდეგ სოხუმში ჩამოვიდნენ და ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში შესახლდნენ...." - დიდი ალბათობით "დაკეტილი სახლი" ქართველს ეკუთვნოდა.

მომხდარიდან რამდენიმე ხანში, ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამაც დაიწყო. ბრალდებულ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. თუმცა, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა". სოხუმის ე.წ. სამხედრო პროკურორის ადგუნ აგრბას თქმით, "ქართულმა მხარემ, სოხუმს საქმის განსახილველად საჭირო მასალები არ მიაწოდა" და 2017 წლის 21 აპრილს კანჯი-ოღლის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა და საქმე დაიხურა.

რაშიდ კანჯი-ოღლი 2017 წლის 7 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაასამართლა და გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება.

გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია იმედოვნებს, რომ ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლო შეძლებს, რუსეთი აიძულოს, რაშიდ-კანჯი ოღლის ბრალეულობა გამოიკვეთოს... სასამართლოს განაჩენის მიუხედავად, აფხაზურმა მხარემ არც საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა, - ოფიციალური თბილისი ბრალდებულის გადმოცემას ითხოვდა...

ოჯახის სახელით სტრასბურგში მიმართვის გაგზავნამდე, საია-მ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღება რუსეთსა და აფხაზეთში სცადა. რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი სამი წერილის შემდეგ, ასეთი შინაარსის პასუხი მოვიდა - "საუბარია, სუვერენულ ქვეყანაში მომხდარ ფაქტზე, რომელშიც რუსეთის ფედერაცია ვერ ჩაერევა..."

რაც შეეხება აფხაზური მხარეს, მათ ქართული ორგანიზაციის მიმართვებზე პასუხი არც გაუციათ. სწორედ შიდა სამართლებრივი პროცედურების ამოწურვის შემდეგ გადაწყვიტა საია-მ, ოჯახის სახელით, სტრასბურგისთვის მიემართა...

ახლა ჯერი სტრასბურგზეა, რომელმაც თავის მხრივ უნდა თქვას, რომ რუსეთს, აფხაზეთის ტერიტორიის კონტროლის თითქმის ყველა მექანიზმი აქვს... აფხაზური მოსახლეობის ირონიანარევ ხუმრობას თუ გამოვიყენებთ, - "ერთადერთი სფერო, რომელსაც რუსეთი ვერ აკონტროლებს "ქურდული სამყაროა" - პირიქით, აფხაზი ე.წ. ავტორიტეტების "საცეცები" და გავლენები რუსულ პოლიტიკაშიც კი "იკითხება."

ერთი სიტყვით, ბევრი რამის გათვალისწინებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა, სწორედ რუსეთს ეკისრება, მით უფრო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არსებული ინფორმაციით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი სწორედ რუსეთს აფარებს თავს...

რამდენად გაუწევს ანგარიშს რუსეთი სტრასბურგს, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რადგან მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველომ ადრე, 2008 წლის ომის შემდეგაც არაერთი სარჩელი შეიტანა. ყველა მათგანი შედეგის მიღების მოლოდინშია, თუმცა, ფაქტია, რომ ოთხოზორიას საქმეზე ქართული მხარისგან აქტიურობა, დამნაშავის გამოსავლენად და შემდეგ, მის დასასჯელად, ცდად მაინც ღირს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?