დღესდღეობით საქართველოში ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, სამკაულები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო ღარიბაშვილი ხელნაკეთი ნივთების შექმნით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. დღეს იგი ოთხი შვილის დედაა. როცა ბავშვები წამოიზარდნენ, ნინომ თვითდასაქმებაზე დაიწყო ფიქრი და ის სფერო აირჩია, სადაც ყველაზე თავისუფლად და კომფორტულად გრძნობდა თავს. მან ბავშვობისდროინდელი ჰობი გაიხსენა, მერე საოცრად დახვეწილი და ბევრი ხელოვანისთვის ალბათ საოცნებო გარემოც მოიწყო და იქ ქმნის ნამუშევრებს. ნინოს სწორედ მის ზღაპრულ სახელოსნოში ვესტუმრეთ და იქვე ვესაუბრეთ შემოქმედებაზე.
- ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. ასევე მიზიდავდა რაიმე ორიგინალურის მოფიქრება და შესრულება. ადრე
სამუშაო მასალების მოძიება რთული იყო, შესაბამისად რაიმეს შესრულების რესურსი - მცირე,
მაგრამ როგორც კი დრო დამრჩებოდა, ათასი წვრილმანით ვაკეთებდი სხვადასხვა ნივთს. მიხაროდა, როდესაც ნამუშევარს შემიქებდნენ.
ხელოვნება ჩვენშია, მთავარია - აღმოვაჩინოთ. ბედნიერებაა, როცა სიცოცხლეს აძლევ რაიმე ორიგინალურს, რაც შიგნიდან მოდის და შემდეგ ამას სამყაროს უზიარებ. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, დავიწყე ფიქრი, როგორ გამომეყენებინა ჩემი შემოქმედებითი უნარები. ინტერნეტით ხშირად ვათვალიერებდი ხელნაკეთ ნივთებს და ძალიან მომეწონა თიხით დამზადებული აქსესუარები. მოვიძიე ვიდეოგაკვეთილები, დამოუკიდებლად ავითვისე ყველაფერი, შევიძინე მასალები, ზოგი - თბილისში, ზოგი კი გამოვიწერე. ასე დავიწყე სამკაულების გაკეთება. ერთ სტილში არ ვმუშაობ, ყოველთვის ვცდილობ, რაიმე ახალი შევქმნა. ვმუშაობ თექაზეც, რომელიც ასევე დამოუკიდებლად შევისწავლე. გავაკეთე ეს პატარა სახელოსნო და მომავლისთვის ვფიქრობ სხვადახვა იდეის განხორციელებას, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, შევისწავლო კერამიკული ნივთების დამზადება და მქონდეს ჩემი ხელნაკეთი ნივთების პატარა მაღაზია.