ქართველი სამხედრო ქალების "ავღანური ახალი წელი..."

ქართველი სამხედრო ქალების "ავღანური ახალი წელი..."

უკვე მერამდენე წელია ქართველი სამხედროები ახალ წელსა და სხვა რელიგიურ თუ საერო დღესასწაულს სამშობლოდან რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ხვდებიან. ეს განსაკუთრებით ქალბატონებისთვის არის ემოციური - ზოგ მათგანს, საქართველოში შვილები ჰყავს დატოვებული. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, როდესაც ფორმას იცვამენ, იმაზეც ნაფიქრი აქვთ, რომ მშვიდ და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს უნდა დაემშვიდობონ...

თამარი, მე-3 ქვეითი ბრიგადის ოფიცერი:

- ამაზე ნაფიქრი გვაქვს, რომ სამხედრო ფორმის ჩაცმის შემდეგ, ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უნდა დავემშვიდობოთ. ახალი წელი ეს არის დღესასწაული, რომელიც საქართველოსთან გვაახლოვებს. ამ დროს რაღაცნაირები ვართ ქართველები, თან სევდიანები, თან მხიარულები. ამერიკელი სამხედროები გვეუბნებიან, ყველაფრისგან შეგიძლიათ დღესასწაულის შექმნაო.

თავადაც ძალიან უყვართ, დღესასწაულები, მხიარულება და მოლხენა, უბრალოდ, ჩვენსას ინტერესით ადევნებენ თვალს, უცხოდ და ეგზოტკურად აღიქვამენ... ცდილობენ, ჩვენი პატივისცემით, "ორი ღერი" ქართული ისწავლონ, რომ წვენით სავსე ჭიქა მოგიჭახუნონ და გაბადრული სახით გვითხრან, - "გილოსავ, რავალს დესარი..." ყველაფერი კარგათ არის,  მთავარია, გარეთ იყოს მშვიდობა, პატრული სრულად ფლობდეს ინფორმაციას და რომელიმე ადგილობრივს, რომელიც ბაზის ახლო ტერიტორიაზე მუშაობს, "თალიბებმა" ტვინი არ გადაუბრუნონ და თავი არ აიფეთქოს.

ლელა, ოფიცერი:

- როდესაც შვილს სკაიპით დავურეკე, რომ მიმელოცა, შევატყვე, იმ წუთში მას ძალიან ვჭირდებოდი, მაგრამ როგორღაც მოვერიე თავს. იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ყველა ჩემი თანამებრძოლი თავისთვის განმარტოვდა, ზოგი დედას ულოცავდა, სხვებიც, ცოლს ან შეყვარებულს. მსგავს სიტუაციაში, ბიჭები იქ დამცინებდნენ, მაგრამ აქ სხვა გარემოა, სხვა ურთიერთობებია, ყველა ერთმანეთს უფრთხილდება.

როდესაც ჩემმა მეუღლემ, ჩემი ავღანეთში წასვლის ვადები გაიგო, მაშინვე დრო გადაიანგარიშა - ახალ წელს და შობას იქით იქნებიო. ვერაფერი ვუთხარი, სამაგიეროდ მალე ჩამოვალ-მეთქი. იცის ჩემი ხასიათი, თუ გადავწყვეტ, ვერავინ გადამათქმევინებს. ის მისია იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, პროფესიული ზრდის კუთხით და ზოგადად, რომ ცოტა ხნით შვილსაც კი შეველიე.

ახალ წელს აქ ტკბილ სუფრას ვშლით, ხილით, ნამცხვრებით და წვენით. ქალბატონები და გოგონები, ნაძვის ხეს ვრთავთ. ბიჭები ხუმრობენ, სამხედრო ქალის აწყობილი ნაძვის ხეც კი სხვანაირია, მწვანე და ხაკისფერი სჭარბობსო.

შარშან კონცერტიც გვქონდა. ჩვენი სამხედრეობიდან ბევრი მღერის და ცეკვავს. "ხორუმი" იცეკვეს სამხედრო ფორმით, ამერიკელები თვალისდაუხამხამებლად უყურებდნენ. ტელეფონებით ვიდეოს უღებდნენ, რომელიც სოციალური ქსელის თავიანთ გვერდზე აუტვირთავთ კომენტარებით - ასეთი მაგარი ტრადიციული ცეკვა აქვთ ჩვენს ქართველ მეგობრებსო.

სოფო სოფრომაძე, სამხედრო ექიმი:

- ახლა ავღანეთში სადაც ჩვენი სამხედროები არიან, ძველ ბაზებთან შედარებაც არ არის - პირობების მხრივ, თუნდაც იმიტომ, რომ გარშემო მაღაზიებია და ყველაფრის შეძენა შეიძლება. მაშინ არ იყო ასე, ნაძვის ხესა და სათამაშოებსაც ვერ ვყიდულობდით, ან ქაბულიდან, კონტინგენტის მმართველობიდან მოგვდიოდა საჩუქრების სახით. როგორც ჩვენ, ასევე, ამერიკელებსაც და ერთობლივად აღვნიშნავდით.

პირველი მისია ჰელმანდის პროვინციაში უმეტესად "მშრალ საკვებზე" ვიყავით, მაგრამ ძალიან "მსუყე" საახალწლო სუფრა გვქონდა - გოზინაყი, შოკოლადი, შამპანური, წვენი, უალკოჰოლო სასმელი, შავი ღვინოც. ყველაფერი რაც გვენატრებოდა, სამხედროებს შეეძლოთ ერთი ან ნახევარი ჭიქა ალკოჰოლი მიერვთათ, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, სასმელისთვის პირი დაეკარებინათ. პასუხისმგებლობა სამხედროს ახალი წლისა და სხვა დღეებშიც ერთნაირად აქვს და ერთმა გადაცდენამ, შეიძლება, შეცდომამდე მიგვიყვანოს.

დღესასწაულზე ქალის ოჯახის გარეთ ყოფნა, რთულია, რადგან ქალი დიასახლისია, ოჯახში ფუსფუსებს და ამ ყველაფრთან მოწყვეტა უწევს. იმაზე რომ არაფერო ვთქვათ, რომ ოჯახს ტოვებს... ამას გრძნობენ ბიჭები და ცდილობენ, განწყობა ცოტათი შეგვიმსუბუქონ. ყველაფერში გვეხმარებიან, მათ შორის სასადილოს მორთვაშიც, რომელსაც ჩვენ "ხეჩოს დუქანს" ვეძახდით, კვების სამსახურის უფროსის, გვარად ხეჩინაშვილის პატივსაცემად.

სხვათა შორის, 2012-2103 წლებში ნახევარი საათი გვქონდა დრო ინტერნეტისთვის. ახლაც ვერ ვხვდები როგორ, მაგრამ ეს დრო სრულებით გვყოფნიდა ყველას მოსაკითხად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნახევარსაათიან წვდომასაც ყოველ მეორე მესამე დღეს თუ ვახერხდებით. სიები იყო შედგენილი და რიგში ვდგებოდით.

ინტერნეტკაფე კარავში იყო მოწყობილი. ამერიკელებსა და ქართველებს 5-5 კომპიუტერი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თავისიანებთან საუბარს ყველა ჩქარობდა, რიგს მაინც ძალიან თავაზიანად და მოწესრიგებულად ვიცავდით. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფოს მხარდაჭერას გრძნობ.

რამდენიმე წლის წინაც ავღანეთში შევხვდი ახალ წელს. მაშინ მისიაში მყოფ ბატალიონში ერთი გოგო ვიყავი და მინდოდა, ცოტა განსხვავებულად მომეწყო ყველაფერი, მაგრამ ბიჭებმა დამასწრეს და სიურპრიზი გამიკეთეს, - ჩემი კარავი, წვიმებითა და ნაძვის ხის სათამაშოებით მომირთეს; სიმბოლური საჩუქრებიც დამიტოვეს. ახლაც მაქვს ის საახალწლო სუვენირები, როგორც ყველაზე ძვრიფასი საჩუქარი, ეს იყო, "პატარა ჩექმები", რომლებიც თილისმასავითა არის ჩემთვის.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე