1 იანვარს მელანია ტრამპი ქმართან და შვილთან ერთად მარ-ა-ლაგოდან, სადაც აშშ-ს პირველმა ოჯახმა შობა-ახალი წელი აღნიშნა, ვაშინგტონში დაბრუნდა. მას შემდეგ კი პირველ ლედის თეთრი სახლი არ დაუტოვებია.
ცოლისგან განსხვავებით, საკუთარი მოვალეობის შესრულებას უკვე დიდი ხანია შეუდგა დონალდ ტრამპი, რამდენიმე დღის წინ მან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრსაც უმასპინძლა. მელანია არც სტუმრების დასახვედრად გამოჩენილა.
სოციალური ქსელების მომხმარებლები დაინტერესდნენ, რატომ არ ჩნდება საჯაროდ პირველი ლედი, "ტვიტერსა" და "ფეისბუქზე" გაჩნდა პოპულარული ჰეშთეგი #Where’sMelaniaTrump (სად არის მელანია ტრამპი).
ამერიკულმა მედიამ კითხვაზე პასუხს უკვე მიაგნო.
ჟურნალისტების ინფორმაციით, პირველი ლედი ძალიან განიცდის მაიკლ უოლფის წიგნის "ცეცხლი და მრისხანება - რა ხდება ტრამპის თეთრ სახლში" გამოსვლას, სადაც ავტორი აშშ-ს პირველი წყვილის პირადი ცხოვრების დეტალებზე წერს. მაგალითად - უოლფმა მელანიაზე დაწერა, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების დღეს დონალდ ტრამპის ცოლი ტიროდა, თუმცა არა ბედნიერებისგან.
მელანია ტრამპის პრესმდივანი კომენტარებისგან, ჯერ-ჯერობით, თავს იკავებს, თუმცა არც იმას ამბობს, წელს პირველად როდის იხილავს საზოგადოება პრეზიდენტის ცოლს.