ოსური მხარე ახალგორში "საბაჟო პუნქტს" ხსნის - რა გეგმა აქვს ბიბილოვს?

ოსური მხარე ახალგორში "საბაჟო პუნქტს" ხსნის - რა გეგმა აქვს ბიბილოვს?

მიმდინარე კვირაში, ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთი" ახალგორის რაიონში გამშვებ პუნქტ "რაზდახანზე", ე.წ. საბაჟო პუნქტს გახსნის. ამის შესახებ სამშაბათს, ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთან "საზღვარზე" საბაჟო პუნქტის გახსნის იდეა საქართველოდან შემოსული ტვირთების მოცულობის მონიტორინგის შემდეგ გაჩნდა, ვინაიდან აქამდე ამ ტვირთებს არანაირი გადასახადი არ ემატებოდა.

ცხოვრებოვის თქმითვე, პროექტი მიმდინარე კვირას დასრულდება. ოსი ე.წ. მაღალჩინოსნის თქმით, მისი ე.წ. უწყებისა და "სოფლის მეურნეობის პროდუქტის მონიტორინგის" თანამშრომლებთან ერთად, გადასატანი ტვირთების ხარისხს შეამოწმებს. ამ პროცესში ასევე ჩართული იქნებიან რესპუბლიკის "სოფლის მეურნეობის სამინისტროს" თანამშრომლები...

ადგილობრივი მაღალჩინოსნების განცხადებით, უკვე დაწყებულია მუშაობა იმაზე, თუ რა ფუნქციები დაეკისრება ახლადშექმნილ "საბაჟო პუნქტს..." ცხოვრებოვის თქმით, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელზეც ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებს. ის თანდათან, მუშაობის პროცესში, საჭიროებისამებრ კორექტირდება. ასევე, თუ სიტუაციამ მოითხოვა, - "საბაჟო პუნქტი", შესაძლოა სხვა ადგილას გადაიტანონ.

ცხოვრებოვის თქმით, ე.წ. გამშვებ პუნქტზე, ხელბარგის ქვეშ, რესპუბლიკაში დიდი რაოდენობით ბოსტნეულის, ხილისა და მწვანილის ნაკადი შედის, რომლის კონტროლიც აუცილებელია, რადგან ის "ჩვეულებრივი კონტრაბანდაა"... ოსური მედიის თქმით, აქამდე მას, ე.წ. მესაზღვეები აკონტროლებდნენ. თუმცა, უწყების ჯგუფი, ხელბარგს არ ამოწმებდა, - არადა, ადგილობრივი "კანონის" თანახმად, - ერთ დარეგისტრირებულ მგზავრს, 50-კილოგრამიანი ბარგის გადატანის უფლება აქვს, თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც ხელბარგიანი მგზავრები "კანონს არღვევენ".

ოსურ მედიას, ახალი უწყების გამართულად მუშაობის არ სჯერა. მათი ინფორმაციით, "ახალ ხელისუფლებას ახალი ინიციატივის ფარგლებში, დამატებითი ფულის კეთების შანსი აქვს, - "ეტყობა, ახლა ახალი კლანი შემოდის მოქმედებაში, - მესაზღვრეებს ამ სფეროს კონტროლის საშუალებას ართმევენ და ეს მომგებიანი ფუნქცია მებაჟეებს ეძლევათ, რომელსაც ვიღაც ახალი ჯგუფი კურირებს... ოფიციალურ გადასახადს, მებაჟეებიც არ დააწესებენ, რაც კორუფციის ალბათობას ზრდის.

არადა, ძალიან მარტივად შეიძლება, კონტრაბანდა მოისპოს, - ამისთვის საჭიროა შემოწმდეს ხელბარგი. მაგალითად, საკმარისია 50 კილოგრამიან ხელბარგში ამავე რაოდენობის ქინძი იყოს, ეს უკვე არალეგალური ტვირთია... თუმცა, საქმე ის არის, რომ რესპუბლიკას ჯერჯერობით ამის აკრძალვის უფლება და მით უფრო მოტივი არ აქვს, - ადგილობრივ ბაზარზე, სწორედ ამ გზით შემოტანილ პროდუქციას წამყვანი ადგილი უჭირავს, რუსეთიდან მსგავსი პროდუქტის მიწოდება რამდენჯერმე ძვირი ჯდება. ადგილობრივი წარმოება კი, წლების განმავლობაში ვერ განვითარდა ისე, რომ ცხინვალის რეგიონის მოთხოვნა დააკმაყოფილოს" - წერს ოსური მედია.

მათივე ცნობით, საპილოტე პროექტის მიმართ, თავიდანვე სკეპტიკურად არიან განწყობილი, - "წინასწარ ვიცით, რომ სოფლის მეურნეობის ნაწარმის საბაჟოზე გადმოტანის პროცესი გამჭვირვალე არასდროს გახდება; არც მიღებული შემოსავალი წავა სახელმწიფოს ბიუჯეტში, - მას კონკრეტული პირები საკუთარ ჯიბეებში გადაინაწილებენ. ქართული იმპორტი, ძველებურად, "ნაცრისფერი სქემით" განხორციელდება და ვეღარც კორუფცია გაქრება, რადგან ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს..." - მიაჩნიათ მათ.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი, უფრო "ოპტიმისტური" ვერსია, - ამ უწყების შექმნის შემდეგ, შესაძლოა, სხვა შედეგი დადგეს - ანუ პრეტენზიები საქონელთან დაკავშირებით მოიმატებს, ისევე, როგორც მოიმატებს საქონლის შემმოწმებელთა რაოდენობა, რამაც შესაძლოა, კონტრაბანდა შეამციროს...

"ცხადია, ძნელია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საბაჟო ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის სრულყოფილად მონიტირონგს შეძლებენ, რადგან საქმე ეხება ხელბარგს და ყველა ჩანთის სათითაოდ შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ ცდად მაინც ღირს"- წერენ ისინი.

როგორც ჩანს, ბოლო დროს ახალგორის ცხინვალის რეგიონში ინტეგრაცია, ბიბილოვის ხელისუფლების სუსტი წერტილია, - კიდევ ერთი სიახლე, რაზეც ცხოვრებოვი აქცენტს აკეთებს, არის საქართველოდან, კონკრეტულად ლენინგორის საბაჟოზე, ცხოველური წარმოების პროდუქტის შემოტანის აკრძალვა. ასევე, აიკრძალება საქონლის შემოყვანაც... ცოტა უფრო შორს თუ წავალთ, საქმე ის არის, რომ საქართველოდან და სამხრეთ ოსეთიდან, ფერმერები, რვა წლის განმავლობაში, ახალგორის რაიონში, ზაფხულის საძოვრებზე თავის საქონელს ერეკებოდნენ, - შემოდგომაზე კი - დუშეთში.

ოსური მედიის ცნობით, ეს რაღაც გამონაკლისი შემთხვევაა, რადგან სხვა "სადავო ტერიტორიებზე" ასეთი რამ არ ხდება - თუ იმ ექსპერტების აღფრთოვანებას არ ჩავთვლით, რომლებიც ამ კონფლიქტებს ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა პერიოდიდან ადევნებდნენ თვალს, ეს ამბავი ბევრის გაოცებას იწვევს.

"ზოგადად, საზღვრისპირა ხაზზე, ქართველებსა და ოსებს შორის ახლო ურთიერთობებზე, ასევე იქ არსებული ქართული სკოლებისა და ქართულენოვანი მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულებაზე რომ ლეგენდები დადის, ეს ახალი არ არის. ეს ერთის მხრივ, 2008 წლის, აგვისტოს 5-დღიანი ომის შემდეგ, ლენინგორის რაიონში, ედუარდ კოკოითის ქართულ მოსახლეობასთან ვიზიტის პოლიტიკის გაგრძელებაა. კოკოითმა, მაშინ, ქართულ მოსახლეობას გარანტია მისცა, რომ მათი უფლებები დაცული იქნებოდა; ისინი, განათლების მიღებას მშობლიურ ენაზე შეძლებდნენ; ასევე, თავისუფლად შეძლებდნენ საქართველოში გადაადგილებას და საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოთ, პირადად მისი მხარდაჭერის იმედიც ჰქონოდათ..." - წერს ოსური მედია.

თუმცა, ოსური მედიის ცნობითვე, ამ ისტორიას, გაგრძელება არ ჰქონია, - კოკოითის დაპირებას რეალური შედეგი ვერ მოჰყვა, - მისი ჩანაფიქრი, ქართული მოსახლეობა "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკაში "გადმოებირებინათ" და მათი სრულად ინტეგრაცია მომხდარიყო, ჩავარდა... ისინი კონფლიქტის ზონაში, ისევ "არაოფიციალური კუნძულის" არაოფიციალური სტატუსით განაგრძობენ ცხოვრებას.

"ცხადია, ამ ადამიანების ცხინვალის რეგიონში ინტეგრაციის სურვილის გარეშე, ქართული სკოლები და ქართველი და ოსი ფერმერების საქონლის ერთობლივი გადარეკვები, ახლად შექმნილი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს ნაწილი ვერ გახდა... შესაბამისად, პროცესები თანდათან, თუმცა, შეუპოვრად მიდის იქითკენ, რომ მათ არჩევანი რომელიმე მხარის სასარგებლოდ უნდა გააკეთონ, სხვა შემთხვევაში, ვითარება მუდმივად დაძაბული იქნება და ყველანაირი კანონი, მხოლოდ ქაღალდზე დარჩება", - მიაჩნია ოსურ მედიას.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?