ლეგენდარულმა ესპანელმა ტენორმა, ხოსე კარერასმა, ქართველი სოპრანო, სალომე ჯიქია პარტნიორად სხვა მომღერლებს შორის გამოარჩია და მასთან ერთად გამოსამშვიდობებელ ტურნეში პუბლიკის წინაშე რამდენიმე ქვეყნის სცენაზე წარდგა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი თბილისია, სალომეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოვლენების ეპიცენტრში უწევს ყოფნა. მისთვის 2018-19 წლები უკვე გაწერილია - თავს რამდენიმე ქვეყნის საოპერო სცენაზე ისახელებს. სალომე ჯიქია პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" სტიპენდიანტი, თურქეთსა და სომხეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალსა და კონკურსზე ორი გრან-პრის, ლადო ათანელის საერთაშორისო კონკურსზე კი პირველი პრიზის მფლობელია. მოცარტის საუკეთესო შესრულებისთვის ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე მომღერალმა მაქს კლაინის და მადრონიტა ანდრეუს სახელობის სპეციალური პრიზი მიიღო.
სალომე განვლილი პროფესიული გზისა და არჩევანის, რთული ეტაპებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა...
- სალომე, განათლებით პიანისტი ხართ. როგორ მოხდა თქვენი, როგორც მომღერლის აღმოჩენა?
- სამუსიკო ათწლედის დასრულების შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში განვაგრძე და მაგისტრატურა მანანა დოიჯაშვილთან დავამთავრე. ბაკალავრის მესამე კურსზე ვიყავი, სიმღერაში ძალების მოსინჯა რომ ვცადე. ოპერის სოლისტ თემურ გუგუშვილთან სამი წელი ვისწავლე და ნელ-ნელა ამ პროფესიამ "გადამძალა", პიანისტობას კი თავი დავანებე. 2013-14 წლებში რომის სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის საოპერო სტუდიაში ვსწავლობდი.
- ორ პროფესიას შორის არჩევანის გაკეთება რთული არ იყო?
- როცა სიმღერა დავიწყე, ვიგრძენი - ეს ის საქმე იყო, რომლის "მსახურებაც" უფრო მინდოდა და შესაბამისად, სიმღერაზე "პროფესიული გადასვლაც" ბუნებრივად მოხდა. ხანდახან დაკვრა და მუშაობის პროცესი კი მენატრება, მაგრამ რადგან იმავე სფეროში ვსაქმიანობ, ფორტეპიანოს ძალიან არც მოვშორებივარ.
- ალბათ, თქვენს პროფესიულ არჩევანზე ოჯახის რომელიმე წევრმაც იქონია გავლენა...
- პირველ რიგში დედას დავასახელებ. ის მუსიკალური სამყაროს დიდი გულშემატკივარია. ფაქტობრივად, ოპერაში გავიზარდე, მე და ჩემი დები გამუდმებით დავყავდით სპექტაკლებზე, კონცერტებზე. მიუხედავად რთული სოციალური გარემოსი, დედა ყოველთვის ახერხებდა სპექტაკლებს დავსწრებოდით. მას სწორი გადაწყვეტილებების მიღების საოცარი უნარი აქვს, შეუძლია განჭვრიტოს გადადგმულ ნაბიჯს რა შედეგი მოჰყვება თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, დედა ყოველთვის საქმის კურსშია.
- ოთხი დიდან პროფესიად მუსიკა მხოლოდ თქვენ აირჩიეთ?
- დიახ. მუსიკალური განათლება მათაც აქვთ, მაგრამ გაგრძელება არც ერთმა არ მოინდომა, მხოლოდ ჩემი და დედას სურვილები დაემთხვა. ვერ ვიტყვი, რომ სხვებისგან ბავშვობიდანვე საგრძნობლად გამოვირჩეოდი. კარგი მოსწავლე რომ ვიყავი, შესამჩნევი იყო, სოლფეჯიოში სამღერ ნომრებს საოპერო ხმით ვმღეროდი. დედა ხშირად ყიდულობდა იტალიელი ბელკანტოს ოსტატების ძველ ფირფიტებს. ხშირად ვუსმენდი ტებალდს, ბენიამინო ჯილის, მარიო დელ მონაკოს. ვცდილობდი მათთვის მიმებაძა. ალბათ, ეს ილექებოდა და წლების შემდეგ სიმღერის სურვილი მეც გამიჩნდა...განაგრძეთ კითხვა