თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სხვადასხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოთარ აბესაძე გადაყვანილია ბახტრიონის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ კლინიკაში.
"ყველამ ვიცით, რომ მას რამდენჯერმე დასჭირდა სამედიცინო ჩარევა, გარკვეული სამედიცინო მკურნალობის ჩატარება. დაინტერესებულია ოჯახიც და ადვოკატებიც, რომ უპირველესად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს შენარჩუნებული. ამის დასადგენად მას დღეს უტარდება გამოკვლევები", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.