საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსანდრე ხვადაგიანი წარადგინა. მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სისტემური რეფორმა დაიწყო და უწყების დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
"სისტემაში საკადრო ცვლილებებიც ხორციელდება. დღეს გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსანდრე ხვადაგიანი წარადგინა.
2018 წლის 1 იანვრიდან, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდა. შეიქმნა ახალი სტრუქტურა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია. სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და გიორგი მღებრიშვილის უწყებას დაექვემდებარა", - ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა მიმდინარე რეფორმის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსებით, წელსვე მოხდება მეხანძრე-მაშველების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და სისტემის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.