თბილისს რომ გენგეგმა ექნებოდა და ქალაქი ქაოსურად აღარ განვითარდებოდა, ამას ჯერ კიდევ ყოფილი მერი, დავით ნარმანია გვპირდებოდა წინასაარჩევნოდ.
თბილისს უკვე ახალი მერი ჰყავს, თუმცა გენგეგმის ბედი კვლავაც გაურკვეველია. ორ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გენგეგმაზე მომუშავე კომპანია მერიამ კონკურსით გამოავლინა და დაახლოებით 3 მილიონი ლარიც გადაუხადა. დღეს კი ირკვევა, რომ თბილისის ახალმა მთავრობამ გენგეგმაში ხარვეზები აღმოაჩინა, რჩეული კომპანია დააჯარიმა და ადგილობრივ ხელისუფლებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულება საერთოდ გააუქმონ. შესაბამისად, დიდია შანსი, თბილისი ისევ "კონსტიტუციის","განვითარების მთავარი სახელმძღვანელოს გარეშე დარჩეს, ბიუჯეტიდან გადახდილი 3 მილიონი კი წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს.
მამუკა სალუქვაძე, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის "სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორი: "მოგეხსენებათ, საჯარო განხილვები გაიმართა და დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა ჩვენს თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმას. მახსოვს, თბილისის წინა მოწვევის საკრებულოში უმრავლესობამაც და ოპოზიციამაც გენგეგმის პრეზენტაციისას ერთხმად აღიარეს, - შესაძლებელი რომ იყოს, ახლავე დავამტკიცებდით ამ დოკუმენტსო.
მოკლედ, თითქოს ყველაფერი ნათელია - დოკუმენტის დაახლოებით 80% უკვე მიღებული და ჩაბარებულია დამკვეთისთვის (ვგულისხმობთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს) და ამაში გადახდილია თანხა, რომელიც ექსპერტების ხელფასებსა და კვლევებს მოხმარდა.
პროცესი თითქოს დასრულებულია, მაგრამ მიწურულს მოხდა რაღაც დიდი გაუგებრობა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ასეა, ვიღაცისთვის კი შეიძლება გასაგებიც არის, რაც ხდება.
დავით ნარმანიას დროსაც, როცა გენგეგმის დოკუმენტი ჩავაბარეთ, მაშინაც გამოგვიგზავნეს შენიშვნები, რომლებიც ეხებოდა, მაგალითად, თემატურ რუკას, სხვადასხვა განმარტებას, მაგრამ ეს არ იყო კონცეპტუალური ხასიათის შენიშვნები. როცა შენობის პროექტს აბარებ არქიტექტურის სამსახურში, ისიც შეიძლება დაგიბრუნონ შენიშვნებით და მით უფრო, როცა მთელი ქალაქის დაგეგმარების პროექტს წარადგენ, არავის უნდა გაუკვირდეს შენიშვნების არსებობა. ტრაგიკული ამაში არაფერია, ასე ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, როცა ასეთ მასშტაბურ დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა. აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი - ამ პროცესში დამკვეთიც მხარეა და ჩვენც. ამიტომ თავის დროზე დამკვეთთან მოვილაპარაკეთ, რომ გენგეგმის ექსპერტიზას ჩაატარებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ნეიტრალური პირები, ამ საქმის სპეციალისტები და ჩვენ, ორივე მხარე, სწორედ მათ დასკვნას დავეყრდნობოდით.