ვისში გაცვალეს გიორგი ლუკავა?

ვისში გაცვალეს გიორგი ლუკავა?

აფხაზეთში 2018 წელიც მძიმედ დაიწყო, - სოხუმში, ქართველი პატიმრის, გიორგი ლუკავას გათავისუფლების გამო დაწყებული უკმაყოფილება არ ცხრება, - 3 იანვარს სოხუმში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ქართული მხარისთვის პატიმარ გიორგი ლუკავას გადაცემა გააპროტესტეს. ამ ფაქტს ადგილობრივი სასულიერო პირი, დოროთეი დბარიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რცხვენია ისეთი პრეზიდენტის, რომელიც თავის ხალხთან პირისპირ საუბარს ვერ ბედავს..."

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, - ლუკავას გათავისუფლება აფხაზური მხარის კეთილი ნება იყო, თუმცა, ამ ფაქტთან დაკავშირებით მაშინვე წარმოიშვა რამდენიმე ვერსია... 

აფხაზეთში საპროტესტო ტალღის დაწყებამდე, აფხაზური მხარე აცხადებდა, რომ გაცვლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის თხოვნის საფუძველზე შედგა, - "თბილისმა ცხინვალს ლუკავას სანაცვლოდ გრძელვადიანი პატიმრები გადასცა, მათ შორის, ერთ-ერთი სამუდამო პატიმრობამისჯილი..."- წერდა აფხაზური მხარე.

სოხუმში მიმდინარე ვნებათაღელვას გამოეხმაურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ანატოლი ბიბილოვიც; მისი განცხადებით, მისი თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს გიორგი ლუკავა და იმედი ჰქონდა, აფხაზური საზოგადოება "მეგობარი ქვეყნის" ამ სურვილს გაგებით მოეკიდებოდა.

"ძვირფასო ძმებო, აფხაზებო, გაცნობებთ, რომ აღშფოთებული ვართ მოძმე აფხაზეთში განვითარებული პროცესებით... აფხაზეთის ხელმღვანელობის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენი თხოვნით იყო განპირობებული. ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ ამ საქმეს ასეთი შედეგები მოჰყვებოდა და შიდაპოლიტიკური სიტუაცია ასე დაიძაბებოდა... გვინდა შეგახსენოთ, რომ მსგავს შემთხვევაში, როდესაც აფხაზურმა მხარემ თხოვნით მოგვმართა, ჩვენც დავაკმაყოფილეთ!" - წერს ბიბილოვი, თუმცა, რომელი საქმე იგულისხმა, არ დაუკონკრეტებია.

ბიბილოვის დანამუსებამ აფხაზებში საპროტესტო განწყობა ვერ ჩააქრო - 3 იანვრის აქციის დღეს, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და გაავრცელა განაცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გიორგი ლუკავა მკვლელობაში ბრალდებულ აფხაზ როლანდ ჟიბაში გაცვალეს, რომელმაც "საქართველოს შეაფარა თავი".

გასული წლის 5 მაისს აფხაზური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ როლანდ ჟიბა დააკავეს და საგამოძოებო იზოლატორში იმყოფებოდა. მაშინ, აფხაზური ე.წ. მილიცია მხოლოდ მწირი ინფორმაციით შემოიფარგლა და არ დაუზუსტებია, სად დააკავეს ჟიბა - აფხაზეთის რეგიონში თუ ენგურს აქეთ, ქართულმა მხარემ დააკავა. 

1983 წელს დაბადებული როლანდ ჟიბა აფხაზეთის მოსახლეობისთვის კარგად ცნობილი კრიმინალური დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილეა. სისხლიანი დაპირისპირება შარშან, ზუსტად ახალ წელს დაიწყო და რამდენიმე სერიად გაგრძელდა - 2017 წლის 1-ელ იანვარს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ გუადას ტყეში სოხუმის მკვიდრის, 1990 წელს დაბადებული ბესლან კვიცინიას გვამი იპოვნეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ის სასტიკად იყო ნაწამები.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, 4 იანვრის ღამეს, ისევ სოფელ გუადაში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა ერთდროულად 3 სახლი გადაწვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს სახლები ახალგაზრდა აფხაზის, ბესლან კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის როლანდ ჟიბას ოჯახს და მის ნათესავებს ეკუთვნოდათ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა, - 6 იანვარს, სოხუმის ერთ-ერთ სასაფლაოზე, იქ, სადაც ბესლან კვიცინია არის დასაფლავებული, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს რომან ჟიბა, რომელიც კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის როლანდ ჟიბას ბიძაშვილია...

რამდენიმე დღეში, "პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა აფხაზ ძალოვნებს შეხვდა და მათ "საჭირო ზომების მიღება" დაავალა. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო-ოპერატიული მოქმედებების შედეგად, 9 იანვარს სოხუმში "მერსედესის" მარკის ავტომობილით მოძრავი სამი შეიარაღებული პირი დააკავეს. მათ ავტომანქანაში დიდი რაოდენობით საბრძოლო იარაღი აღმოაჩინეს, სწორედ ერთ-ერთი მათგანით იყო მოკლული რომან ჟიბა...

მაშინ ამ სასტიკი ფაქტის შესახებ აფხაზები წერდნენ, რომ რეგიონში კრიმინალმა პიკს მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, რომან ჟიბას ბესლან კვიცინიას ახლობლებმა ცეცხლი ცოცხლად წაუკიდეს, შემდეგ კი გაქცევის მცდელობისას რამდენიმე ტყვია ესროლეს...

"ტაქსის მძღოლმა, რომელმაც იმ დროს იქ გაიარა, არაადამიანური ხმა გაიგო, რასაც მისივე თქმით, რამდენიმე გასროლაც მოჰყვა, - ანუ ჟიბა კვიცინიას საფლავზე მიიყვანეს, ცოცხალ ადამიანს ჯერ ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო გაქცევის მცდელობისას ესროლეს... ეს ფაქტი დაუსჯელი დარჩება, თუ რას უნდა ველოდოთ?.. შუა საუკუნეებში ვბრუნდებით, როდესაც კანონის ნაცვლად "სისხლის აღებით" უსწორდებოდნენ ერთმანეთს?" - წერდნენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ საქმის "სრულფასოვანი გამოძიება" არ მომხდარა. ჟიბას ამბავი, სხვა მორიგმა სასტიკმა სისხლიანმა გარჩევამ "მიაჩუმათა"... როგორც აფხაზური მხარე ირწმუნება, მთავარი ეჭვმიტანილი როლანდ ჟიბა ამ დროის განმავლობაში ქართულ მხარეს იმალებოდა...

5 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა ე.წ. პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდა და განაცხადა, რომ ლუკავას შეწყალებით "კონსტიტუცია და კანონი" არ დაურღვევია. გარდა ამისა, "სახელმწიფოთაშორის შეთანხმების საფუძველზე პატიმრების გაცემა ყველა ქვეყანაში აპრობირებულია და ამაში უკანონო არაფერია", - განაცხადა ხაჯიმბამ...

"არავითარი აქციის მონაწილეები იქ არ ყოფილან, ისევ თავის მომხრეებს შეხვდა და ვითომ აქციის წევრები იყვნენ... თვალში ნაცარს გვაყრიან. როგორც იმ გოგონას გაუპატიურების მთავარი დამნაშავის ამბავი ჩაფარცხეს, ისე მოიქცევიან ლუკავას შემთხვევაშიც... ჩვენ კი ისევ ყოველთვის ასე პირში ჩალაგამოვლებულები ვიქნებით...", - წერენ აფხაზები და აქციებს ამ კვირიდანაც აანონსებენ...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?