რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 დეკემბერს სირიაში, ხმეიმიმის აეროდრომზე ორი რუსი სამხედრო დაიღუპა. სერგეი შოიგუს უწყების განცხადებით, 31 დეკემბერს აეროდრომს ნაღმმტყორცნებიდან მობილურმა დივერსიულმა ჯგუფმა ესროლა.
რუსი სამხედროების ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ხმეიმიმის საავიაციო ბაზაზე სხვა საბრძოლო თვითმფრინავები განადგურებულია. თავდაპირველად, ამ ინფორმაციის შესახებ რუსული მედია წერდა, თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა. მოგვიანებით აღიარა, რომ აეროდრომს ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან გაუხსნეს.
რუსული მედია სამხედრო-პოლიტიკურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ხმეიმიმში მდებარე რუსულ საავიაციო ბაზაზე, სირიელი ტერორისტების მიერ ნაღმმტყორცნების გამოყენებით განხორციელებული იერიშის დროს ათზე მეტი რუსი სამხედრო დაშავდა. ასევე, განადგურებულია 7 საბრძოლო თვითმფრინავი, - კერძოდ, Су-24ტიპის 4 ბომბდამშენი, Су-35 ტიპის 2 ავიაგამანადგურებელი და ერთი სატრანსპორტო თვითმფრინავი.
ამ დღეებში, რამდენიმე სახელმწიფო პოზიციის გამტარებელი გამოცემა, მათ შორის, ТАСС-ი ბოლო შემთხვევაზე წერდა, რომ რუსული ვერტმფრენის Ми-24-ის ჩამოვარდნის მიზეზი, სირიაში, ჰამას სამხედრო აეროდრომიდან 15 კილომეტრში ტექნიკური გაუმართაობა გახდა. პილოტები იძულებული გახდნენ ავარიული დაშვება განეხორციელებინათ, რა დროსაც ორივე მათგანი დაიღუპა, - ბორტტექნიკოსებმა კი, მძიმე დაზიანებები მიიღეს...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე კატეგორიულად უარყოფდა ტერორისტებისგან ცეცხლის გახსნის ფაქტს. თუმცა, მოგვიანებით, დაღუპული სამხედრო მფრინავების ოჯახის წევრებმა, მომხდარის შემდეგ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია გააპროტესტეს და ცნობილი გახდა, რომ თავდასხმის შედეგად 5 სამხედრო მფრინავი დაიღუპა.
რუსული მედიის თქმით, თავდაცვის სამინისტროსთვის ასეთი ფაქტების მიჩქმალვის მცდელობა პირველი შემთხვევა არ არის, - გასულ წელს სხვადასხვა მიზეზებით საფრენი აპარატების ჩამოვარდნისა და ჩამოგდების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც ოფიციალური უწყება თითქმის არ საუბრობს. თუმცა, რუსული მედიის თქმით, რუსი სამხედრო მფრინავები მოძველებული საფრენი აპარატებით როგორც მშვიდობიან, ასევე, საბრძოლო მოქმედებების ზონაშიც დაფრინავდნენ...
კონკრეტულად, 31 დეკემბრის შემთხვევა ერთადერთი არ არის, რაც გასული წლის მიწურულს მოხდა, - 2017 წლის აპრილში მურმანსკში, დაშვების დროს ე.წ. გამანადგურებელი МиГ-29К ამოტრიალდა, რა დროსაც პილოტი დაშავდა, მაგრამ კატაპულტირება მოასწრო და გადარჩა...
ასევე აპრილში, სამხედრო სწავლებისას, ერავნინსკის რაიონში, საბრძოლო ვერტმფრენი МиГ-31, რომელიც საზღვაო ფლოტის კუთვნილება იყო, ტელემბას პოლიგონზე, პირდაპირ სამხედრო წვრთნებისას მწყობრიდან გამოვიდა და ხმელეთზე ავარიულად დაეშვა. ბორტზე მყოფმა ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა, მძიმე ტრავმები მიიღეს და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.
30 მაისს, სარატოვის ოლქში, ბალაშოვის აეროდრომზე, Ан-26-მა მკვეთრი, ასევე ავარიული დაშვება განახორციელა. პილოტმა მიწაზე დაშვების პარამეტრების გათვლა ვერ მოასწრო, - საფრენი აპარატი მიწაზე მოწყვეტით დაეშვა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ბორტზე მყოფი, კრასნოდარის უმაღლესი სამხედრო საავიაციო სასწავლებლის მფრინავი, საბჭოთა კავშირის გმირი სეროვი. 6 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
12 სექტემბერს, Ту-22М3 ბომბდამშენმა, ასევე ტექნიკური მიზეზებით ავარიული დაშვება განახორციელა შაიკოვკას აეროდრომზე. ეკიპაჟი არ დაშავებულა თუმცა, თვითმფრინავი საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან.
16 სექტემბერს ვორონეჟის ოლქში, ბიროსოგელბსკის აეროდრომთან ახლოს, Як-130-მა ავარია განიცადა, თუმცა, შემთხვევის დროს ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო და არავინ დაშავებულა. საფრენი აპარატის ჩამოვარდნის მიზეზად ისევ ტექნიკური პრობლემა დასახელდა...
10 ოქტომბერს, სირიაში, ხმეიმის ავიაბაზაზე, Су-24М-ს საფრონტო ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესასრულებლად აფრინდა, თუმცა, ასაფრენ ბილიკზევე აფეთქდა და ნაწილებად დაიშალა. ეკიპაჟმა, რომელიც პილოტი იური მედვედკოვისა და შტურმანი იურის კოპილოვისგან შედგებოდა, კატაპულტირება ვერ მოასწრო. ორივე სამხედრო ადგილზე დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საფრენი აპარატი ჩამოვარდნის მიზეზად, ისევ და ისევ, ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა...
რუსული მედიის კითხვაზე, - რატომ დაფრინავენ რუსი სამხედრო პილოტები ტექნიკურად გაუმართავი საფრენი აპარატებით, მაშინ, როდესაც, რუსეთი, ყოველწლიურად, რამდენიმე მილიარდის ოდენობის სამხედრო ტექნიკის ექსპორტს ახორციელებს, - პასუხი არ არსებობს...
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE