ჩემი რესურსებით მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირები საქართველოში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ არიან ისინი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ "ბევრი რამ გარკვეულია", თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ გაამხელს.
მარიამ კუბლაშვილი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ თემირლან მაჩალიკაშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჩატაევთან ან სპეცოპერაციის დროს განეიტრალებულ სხვა პირებთან.
"ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიებას. დაცვის მხარემ დავიწყეთ მტკიცებულებების მოპოვება, რაც ჩვენი მხარის პოზიციებს გაამყარებს, ამიტომ არის ვერსიები და ეჭვები, რომ ეს ადამიანები საკმაოდ დიდი ხანი საქართველოში იყვნენ. მაჩალიკაშვილის კავშირი მათთან არანაირად არ ფიქსირდება, როცა ამომწურავად შევისწავლი მასალებს, უფრო ვრცლად შემდეგ ვისაუბრებ, თუმცა არსებული მონაცემებითაც ჩანს, რომ რაიმე სახის კავშირი მათთან გამორიცხულია", - განაცხადა კუბლაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.