პარტნიორები:

    ვინ იყო წმინდა პორფირე, ვის ხატზეც მარგალიტა ერთაოზს აფიცებდა

    ვინ იყო წმინდა პორფირე, ვის ხატზეც მარგალიტა ერთაოზს აფიცებდა

    ერთაოზი, მამის გარდაცვალებისა და ქონების მამის ვალებში დარიგების შემდეგ, ბედის საძებნელად, ქალაქში მიდის. შემთხვევით, მემანქანე ტრიფონის მეუღლეს, მარგალიტას გაიცნობს. ქალი ქმრის არყოფნით სარგებლობს და თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე ერთი შეხედვით შეყვარებული ერთაოზი, ციხის უფროსის "ცხედრის" თავიდან მოშორებაში ეხმარება. "გაცოცხლებული" ხუტა-უფროსი კი ერთაოზს ციხეში სვამს, სადაც უცნაურ პატიმარს - ქრისტეფორე მგალობლიშვილს (ბიძია-ბაბუა) გაიცნობს, რომელიც "ცათმფრენის" აგების იდეითაა შეპყრობილი. პატიმრები, ციხიდან გაიქცევიან და ცათმფრენის აგებას საავადმყოფოს უფროსის დახმარებით შეუდგებიან. "შერეკილებად" მონათლული ქრისტეფორე და ერთაოზი საფრენ მოწყობილობას მართლაც ააგებენ და მოულოდნელად ცაში მართლაც აიჭრებიან. როგორც მიხვდით, ეს ელდარ შენგელაიას ყველასთვის ცნობილი და უკვდავი ფილმის "შერეკილების" სიუჟეტია, სცენარის ავტორი - რეზო გაბრიაძე გახლავთ. ფილმის ყველა ეპიზოდი განუმეორებელია, ნებისმიერი ფრაზა მაყურებელს კარგად ახსოვს, რომლებსაც საუბარში, სიტუაციურად იყენებს კიდეც.

    ახლა მის მთავარ პერსონაჟებზე - მარგალიტასა და ერთაოზზე შევჩერდებით. მაყურებლის ცრემლებამდე სიცილს იწვევს სცენა, როდესაც ქალბატონი, ერთაოზზს, მკერდზე დაკიდებულ წმინდა პორფირეს ხატზე გამომწვევად აფიცებს. სხვათა შორის, ამ ეპიზოდის გადაღებისას, თავად მსახიობი, დათო ჟღენტი, თურმე, ძალიან იძაბებოდა, რადგანაც რეჟისორი იქვე იდგა, მას კი რეჟისორის მეუღლისთვის (იმ პერიოდში არიადნა შენგელაია, მარგალიტას როლის შემსრულებელი ელდერ შენგელაიას ცოლი იყო) უნდა ეკოცნა. თუმცა ბატონი ელდარი მისგან მოითხოვდა - "აკოცე, კაცო, ნუ გერიდება!" ამ სცენის გადასაღებად რამდენიმე დუბლი დასჭირდათ...

    სულ მაინტერესებდა, ვინ იყო წმინდა პორფირე, რომელზეც ფილმში ასეთი აქცენტი კეთდებოდა და შესაბამისად ყოველთვის ვეძებდი იმ ხატს, რომელიც მარგალიტას მკერდზე ეკიდა. ისე, სად უნდა მეპოვა, როცა რეალურად იმ სახით არ არსებობდა, რადგანაც მხოლოდ სცენარისტისა და რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფი გახლდათ. ფილმის სიუჟეტს ასე სჭირდებოდა... თან, მაშინდელი კინო ხომ ასეთი ფაქტებით საბჭოთა იდეოლოგიას ერთგვარ ხარკს უხდიდა...  

    * * *

    სინამდვილეში მართლმადიდებლური სამყარო რამდენიმე წმინდა პორფირეს მართლაც იცნობს, რომლებიც სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ და დიდი ქრისტიანული ღვაწლით არიან გამორჩეულნი.

    * მთავარეპისკოპოსი პორფირე ღაზელი იყო IV-V საუკუნეების მოღვაწე, რომელმაც განამტკიცა ქრისტიანობა ღაზაში. ღირსი მამა ღრმა მოხუცებულობაში 420 წელს გარდაიცვალა.

    * იყო ასევე წმიდა მოწამე პორფირე, რომელიც იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამა. მსახიობი გახლდათ და იმპერატორის დაბადების დღეს თეატრში როლს ასრულებდა, რომლის მიხედვითაც, ნათლისღების საიდუმლო აბუჩად უნდა აეგდო. პიესის მსვლელობის დროს, როცა წყალში ჩაეშვა, წარმოთქვა: "ნათელს იღებს მონა ღვთისა პორფირე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა,"  სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა მასზე და, წყლიდან ამოსულმა აღიარა ქრისტიანობა. იულიანემ იქვე ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. ეს 361 წელს ქალაქ ეფესოში მოხდა.

    იყვნენ ასევე წმიდა მოწამენი: პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, სელევკი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, ისაია და დანიელი (307-309 წწ.), რომელთა შორისაც იყო პორფირეც. ისინი პალესტინის კესარიაში ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ.

    იყვნენ ასევე წმიდა მოწამენი: ონისიფორე და პორფირე (284-305), რომლებიც ქრისტიანთა დევნის ჟამს (284-305 წწ.) დიოკლიტიანემ აწამა. ჯალათებმა ისინი დაუნდობლად გვემეს, შემდეგ კი გაუხედნავ ცხენებზე გამოაბეს. მორწმუნეებმა უფლის რჩეულთა დაფლეთილი სხეულის ნაწილები შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს.

    ლალი ფაცია

    AMBEBI.GE

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

    8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი