ტაივანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილი ვალდებულია, დედას გადაუხადოს სულ მცირე 1 მლნ დოლარი იმისთვის, რომ მშობელმა ის გაზარდა და სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გადასახადი დაუფარა.
1997 წელს დედა-შვილმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც, შვილი ვალდებული იყო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დედისთვის თვიური შემოსავლის 60% გადაეხადა. ამ დროისთვის ბიჭი 20 წლის იყო.
რამდენიმე წლის მანძილზე შვილი პირობის შესრულებაზე უარს ამბობდა, ამიტომ, ქალმა მას სასამართლოში უჩივლა.
შვილმა, თავის მხრივ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მორალური თვალსაზრისით არასწორია, შვილს აღზრდისთვის ფინანსური კომპენსაცია მოსთხოვო. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ კონტრაქტს აქვს იურიდიული ძალა და შვილს წლების მანძილზე დაგროვილი ვალის გადახდა დააკისრა, რომელსაც საკმაოდ სოლიდური პროცენტიც ემატება.
ქალი, რომელიც საქმეში ფიგურირებს სახელით "ლო", ქმრის გარდაცვალების შემდეგ ორ შვილს მარტო ზრდიდა. სასამართლოში განაცხადა, რომ სტომატოლოგიურ უნივერსიტეტში ბიჭების განათლებისთვის ასობით ათასი დოლარი დახარჯა, თუმცა, ეჭვი გაუჩნდა, რომ სიბერეში შვილები მასზე არ იზრუნებდნენ.
ქალმა ორივე ბიჭთან გააფორმა კონტრაქტი, სადაც შვილები იღებდნენ ვალდებულებას, საკუთარი შემოსავლიდან მიეცათ დედისთვის კომპენსაცია, რაც 1 700 000 დოლარს შეადგენდა.
ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, უფროსი შვილი დედას ნაკლებ თანხაზე მოურიგდა, უმცროსი კი, რომელიც საქმეში მოხსენიებულია როგორც "ჩუ", სასამართლო სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც კონტრაქტს ხელი მოაწერა, ამიტომ დოკუმენტი ბათილად უნდა ეცნოთ.
მან, ასევე, განაცხადა, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რამდენიმე წლის მანძილზე მუშაობდა დედის კუთვნილ სტომატოლოგიურ კლინიკაში და დაეხმარა, ძალიან დიდი რაოდენობით თანხა გამოემუშავებინა.
უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლის განმარტებით, მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ კონტრაქტი კანონიერია, რადგან ხელმოწერის დროს შვილები უკვე სრულწლოვნები იყვნენ.
ტაივანის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სრულწლოვან შვილებს აქვთ ვალდებულება, მშობლებს ფინანსურად დაეხმარონ, თუმცა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მშობლების დიდი ნაწილი შვილებს არ უჩივის.
წყარო BBC