აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის დადგომა პომპეზური წვეულებით აღნიშნა. პრეზიდენტმა სტუმრები ფლორიდაში, პალმ ბიჩზე მილიარდერების უბანში მდებარე ტრამპების სასახლეში მიიწვია. წინასაახალწლო წვეულებას მარ-ა-ლაგოში ასობით სტუმარი ესწრებოდა, რომლებმაც ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთში 600-750 დოლარი გადაიხადეს.
საღამოს მთავარი მშვენება აშშ-ს პირველი ლედი იყო. მელანია ტრამპი 4 000 დოლარად ღირებულ ERDEM-ის ყვავილებიან კაბაში იყო გამოწყობილი, პრეზიდენტი და წყვილის 11 წლის ვაჟი ბარონი კი კოსტიუმებითა და ბაფთებით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე.
საახალწლო წვეულებაზე მიწვეულნი იყვნენ ტრამპის უფროსი შვილებიც, მათ შორის ივანკა ტრამპი მეუღლესთან, ჯარედ კუშნერთან და შვილებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ფავორიტი ქალიშვილი, ქართველი დიზაინერის დევიდ კომას (დავით კომახიძე) კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.
"2018 წელი დიდებული იქნება ამერიკისთვის" - დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.
1900 კვადრატული მეტრის მისაღები დარბაზი, რომელიც 7 მილიონის ღირებულების ოქროს ფირფიტებითაა გაფორმებული, უძველესი ინგლისური მუხით მოპირკეთებული ბიბლიოთეკა უიშვიათესი წიგნებით - ეს იმ ფუფუნებათა ნაწილია, რომელიც დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს ვილას ამშვენებს. სწორედ ამ დარბაზში გაიმართა მდიდრული მიღება, სადაც მოხვედრამდე სტუმრებს წითელი ხალიჩა უნდა გაევლოთ.
მარ-ა-ლაგოს კომპლექსში შედის, როგორც ტრამპების სასახლე, ისე მასშტაბური გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი ვიპ-სტუმრებისთვის. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, ახალ წელს სტუმრები მარ-ა-ლაგოში მიეპატიჟებინა, კრიტიკა დაიმსახურა. ბევრი მიიჩნევს, რომ ტრამპი საკუთარი ბიზნესის ლობირებას განაგრძობს - პრეზიდენტის სკამიდანაც კი.