Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი-კავალა, პრობლემის გამო სოფიას საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს:
"ამ ეტაპზე ბორტს უტარდება ინსპექტირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია. თუ ბორტი შეასრულებს ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაგვიანებით შესრულდება დღეს, 30 დეკემბერს დაგეგმილი რეისები: W66403 (ქუთაისი-ლარნაკა) გეგმური გაფრენა 12:45, W66409 (ქუთაისი-მემინგენი) გეგმური გაფრენა 18:25.
რეისების და განრიგში ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის საკონტაქტო ტელეფონებია: 0431 23 70 00; 0431 23 70 01", - აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადებაშივე აღნიშნულია, რომ მგზავრების ტრანსპორტირებას სოფიადან კავალას მიმართულებით ავიაკომპანია უზრუნველყოფს, თუმცა Wizz Air-ის თვითმფრინავის მგზავრები ავტობუსს უკვე რამდენიმე საათია ელიან.
როგორც ერთ-ერთი მგზავრი აცხადებს, ისინი უკვე რამდენიმე საათია ბულგარეთში, სოფიას აეროპორტში იმყოფებიან.
"ყველა სადღაც რეკავს - ქუთაისის აეროპორტში, "ვიზეარის" წარმომადგენლებთან, ყველას სხვადასხვა პასუხი აქვს. გვეუბნებიან, რომ მოვა ავტობუსი და ჩაგვიყვანს სალონიკში. მგზავრები ვცდილობთ, რომ დავუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, აქაურ კონსულს, მაგრამ ვერ ხერხდება", - განუცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა "რუსთავი 2"-ს.