რუსული С-400 ნატოს შეიარაღებაში

რუსული С-400 ნატოს შეიარაღებაში

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, წლის ბოლოს, რუსეთმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, ანკარა რუსეთისგან С-400 კლასის თანამედროვე საზენიტო-საჰაერო კომპლექსს შეიძენს.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე კვირის წინ, ისინი თანხის გადახდასთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოზიციაზე იყვნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, გარიგება შედგა. სახელმწიფო გაერთიანება ростэк-ის ხელმძღვანელმა, სერგეი ჩემეზოვმა რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ თანხის გადახდა ამგვარად გადანაწილდა, - ხელკრულების 45%-ს თურქული მხარე წინასწარ იხდის, 25% კი რუსეთის კრედიტით დაიფარება.

რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე საუბარი 2017 წლის სექტემბერში, რუსეთში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ვიზიტის დროს დაიწყო... ახლა ოფიციალური და ტექნიკური საკითხები მოგვარებულია და 2020 წლისთვის, ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ თურქეთი შეიარაღებული ძალები რუსული სარაკეტო კომპლექსით აღიჭურვება.

როგორც ჩანს, რუსეთს მადა გაეხსნა, კრემლის ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთის შემდეგ, С-400-ის მიყიდვის შესახებ შეთანხმება, ინდოეთთან და სავარაუდოდ, საუდის არაბეთთანაც გაფორმდება, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ სტრატეგიული მოკავშირეა.

თურქეთის მიერ რუსული შეიარაღების შეძენის საკითხმა დასავლეთის სამხედრო ალიანსი შეაშფოთა... პენტაგონი ჯერ კიდევ ცდილობს, თურქეთს რუსეთიდან იარაღის იმპორტი გადააფიქრებინოს. დასავლური მედიის ინფორმაციით, ამერიკული მხარე მოლაპარაკებებს მართავს თურქეთთთან, რათა დაარწმუნოს, რომ "ნატოს შეიარაღებაში რუსული წარმოების იარაღის ინტეგრირება შეუძლებელია..." ამის შესახებ, პენტაგონის პრესსამსახურის თანამშრომელი ჯონ მაიკლი აცხადებს.

მისივე თქმით, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ "თურქეთის შეიარაღებული ძალები იმ სამხედრო ტექნიკით უნდა იყვნენ აღჭურვილი, რომელიც ნატოს ანტირასაკეტო თავდაცვის სისტემებთან არის შესაბამისობაში". აშშ-ს მაღალჩინოსნების თქმით, ამერიკას თურქეთთან თანამშრომლობა სურს და თეთრი სახლის ინტერესებში ანკარისა და მოსკოვის დაახლოება არ შედის.

"С-400-ებთან დაკავშირებით, ჩვენი უკმაყოფილება გამოვხატეთ თურქეთის პირველ პირებთან და მათ შევახსენეთ, რომ ვაშინტონი მზად არის, ამ საკითხთან დაკავშირებით, ანკარასთან ღიად საუბრისთვის" - აცხადებს ჯონ მაიკლი.

თავად ერდოღანი რუსულ სარაკეტო კომპლექს С-400-ის შეძენასა და მომავალში, რუსეთთან, ერთობლივ სამხედრო წარმოებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, პრობლემას ვერ ხედავს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სავარაუდოდ, მოლაპარაკება დაიწყება, С-500-ზეც. ერდოღანის მოსაზრებით, ამერიკული სარაკეტო სისტემა Patriot, ძველებურად საინტერესო აღარ არის.

2015 წელს რუსული გამანადგურებლის მიერ სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა, მაგრამ 2017 წელს, თურქეთის პრეზიდენტის რუსეთისთვის მობოდიშების შემდეგ, პუტინმა და ერდოღანმა დიპლომატიური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სრულად აღადგინეს.

თუმცა, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი და საკვანძო თემა, რომლის გარშემოც რუსეთი და თურქეთი ოპონენტები არიან. მათგან ერთ-ერთი, ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი - სირიის სამოქალაქო ომია.

პ.ს. სამხედრო სპეციალისტების ინფორმაციით, С-400-ის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო სისტემას, ერთდროულად, 71 რაკეტის გაშვება და 36 სამიზნის განადგურება შეუძლია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე