გაიცანით აშშ-ში მოღვაწე სოხუმელი ცოლ-ქმარი, რომელმაც სიმსივნის დასამარცხებლად მეცნიერულ მეთოდს მიაგნო

გაიცანით აშშ-ში მოღვაწე სოხუმელი ცოლ-ქმარი, რომელმაც სიმსივნის დასამარცხებლად მეცნიერულ მეთოდს მიაგნო

ვიდრე სამეცნიერო ცხოვრების გზას აირჩევდნენ და ამერიკაში დასახლდებოდნენ, მათი ერთობლივი ცხოვრება და დიდი სიყვარული სოხუმიდან დაიწყო - ქალაქიდან, რომელიც სასტიკმა ომმა ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელ ნატვრად აქცია. იმ ომს სხვა ომი მოჰყვა - დევნილობაში ცხოვრება და თვითგადარჩენისთვის ბრძოლა თბილისში... მერე ემიგრაცია და ბოლოს დიდი მიღწევები, წარმატებები და აღიარება... სამშობლოსგან შორს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთში, ნიუ-ჰემპშირის შტატის ქალაქ ჰანოვერში. ამერიკიდან დარტმოუთის კოლეჯის ფიზიკის დეპარტამენტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ირმა შამათავა-შუბითიძე ოჯახსა და ცხოვრებაზე ჰყვება:

- ჩემი სოხუმური ცხოვრება სოხუმის მე-11 ქართული საშუალო სკოლის მეორე კლასიდან იწყება. მანამდე სოფელ ბაბუშერაში, ბებიის სახლში ვცხოვრობდით. ჩვენს სკოლაში გაძლიერებულად ისწავლებოდა ფიზიკა-მათემატიკა და საუკეთესო დირექტორი და პედაგოგები გვყავდნენ. დღეს, სამწუხაროდ, აღარც ის სკოლა არის სოხუმში და აღარც ქართველები ვართ იქ... ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და არ მომკლებია თეატრალური წრე, სიმღერა, გუნდი, ცეკვა. კარგად მახსოვს, მგონი, მესამე კლასში ვსწავლობდი, ჩვენი 50-ბავშვიანი გუნდი თბილისში, ოლიმპიადაზე რომ წაგვიყვანეს და ოქროს მედალი მივიღეთ.

ოღონდ ოქროს მედლები მხოლოდ აფხაზებს დაურიგეს, ჩვენ კი მხოლოდ სერთიფიკატები გადმოგვცეს... სამწუხაროდ, თავიდანვე და მერეც, ომის პერიოდში, ბევრი შეცდომა დაუშვა ჩვენმა სახელმწიფომ აფხაზეთში. 21 წლის ვიყავი ომის დროს, ხოლო, არეულობა რომ დაიწყო, პირველ კურსზე ვსწავლობდი.

პრინციპში, ყველამ დავაშავეთ. ახლა, იმ წარსულს რომ ვიხსენებ, ბევრ რამეს სხვაგვარად ვაფასებ. თუნდაც, რატომ არ უნდა ვიცოდე აფხაზური ენა? რატომ არ იყო ხელისუფლების ნება, რაღაც დონეზე მაინც, აფხაზური რომ გვესწავლა?

არადა, აფხაზი მეგობრებიც მყავდა და მეზობლებიც, თანაც - ძალიან კარგი ხალხი, მაგრამ ერთმანეთს რუსულად ველაპარაკებოდით. თუმცა აფხაზების უმეტესობამ ქართულიც იცოდა, ხოლო მეგრული - ფაქტობრივად, ყველამ. მახსოვს, 1989 წელს, აფხაზეთის უნივერსიტეტის პედაგოგები და სტუდენტები რომ გავიფიცეთ და უნივერსიტეტის ქართული ნაწილის გამოყოფას ვითხოვდით, ჩემთან დედაჩემის თანამშრომელი მოვიდა და მითხრა, რა გინდათ, მაინცდამაინც სისხლი უნდა დაიღვაროსო? სულ ვფიქრობ, ამ გაფიცვას, არ სჯობდა, ახლობელი ადამიანები ერთმანეთს დავლაპარაკებოდით, გვემსჯელა და იქნებ ეს უბედურებაც აგვეცილებინა თავიდან?!

- ომმა ათასი საშინელება მოიტანა, თუმცა... ნოდარ დუმბაძის ზურიკელასი არ იყოს, ქვეყანა ინგრეოდა, თქვენ კი სწორედ მაშინ იპოვეთ დიდი სიყვარული და მართლაც, "ომში" დაოჯახდით...

- ომი რომ დაიწყო, ძალიან შეყვარებული ვიყავი ჩემს თანაკურსელ ფრიდონ შუბითიძეზე, ვინც დღესაც ჩემი მეუღლე და კვლავ ჩემი დიდი სიყვარულია. რატომღაც გამომარჩია კურსზე და მეორე კურსზე ყოფნისას სიყვარულიც ამიხსნა. საუკეთესო სტუდენტი იყო და მეორე კურსის შემდეგ უნივერსიტეტში გამოცდას აღარ აბარებინებდნენ, ისე გადაჰყავდათ მომდევნო კურსზე - შენზე დროს ვეღარ დავკარგავთო. ზოგადად, კურსიც ძლიერი გვქონდა, ომის შემდეგ ყველა წამოვიდა აფხაზეთიდან და უმეტესობა დღემდე წარმატებული პედაგოგია. თანაკლასელებიდან კი მხოლოდ ერთი - ნონა სანაია დარჩა იქ, რადგან ტყვედ ჩავარდა და როცა გაათავისუფლეს, აფხაზმა შეირთო ცოლად. ადრე სოხუმში თანაკლასელი გარდაგვეცვალა და დღემდე ნონა უვლის მის საფლავს...

- ომიც მალე დაიწყო... როგორი იყო ომი, სიყვარული და რომანტიკა?

- ფრიდონი მზადყოფნაში იყო, რომ გამოიძახებდნენ. მე და ჩემი და სენაკის რაიონში, მამიდასთან, სოფელში წავედით, მშობლები სოხუმში დარჩნენ. ფრიდონმა დამირეკა, რომ თავის სოფელში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში, ოჯახისა და სოფლის დასაცავად მიდიოდა. მოუთმენლად ველოდი ხოლმე მის წერილებს, რისთვისაც კილომეტრების გავლა მჭირდებოდა სენაკის ფოსტამდე. მთავარი იყო გამეგო, რომ ცოცხალია, რადგან ვიცოდი, მასაც იარაღი ეკავა ხელში....განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი