გაიცანით ადამიანები, რომლებიც 2017 წლის გმირები არიან!

გაიცანით ადამიანები, რომლებიც 2017 წლის გმირები არიან!

ყველა პროფესია დასაფასებელია, მაგრამ მეხანძრე-მაშველის შრომა ვფიქრობ, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს, მით უფრო, 2017 წელს, როდესაც საქართველო ლამის ხანძარმა მოიცვა. მეხანძრე-მაშველებს ისედაც მძიმე შრომა, წელს კიდევ უფრო დაუმძიმდათ. ეს ადამიანები წლის გმირები არიან, მათი პროფესია კი წლის პროფესია!

AMBEBI.GE რამდენიმე მეხანძრე-მაშველს გაგაცნობთ, რომლებიც ენერგიას, ძალას და გამოცდილებას ადამიანების დასახმარებლად არასდროს ზოგავენ.

ბექა მეშველაშვილი და გიორგი ციხითათრიშვილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული გაყოფილების მეორე ნაწილში უკვე 4 წელია მუშაობენ, ხოლო ვალერი ბესელია ამ საქმეს 1995 წლიდან ემსახურება, ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების მართვის განყოფილებაში საქმიანობს, ხანძრის ქრობის ხელმძღვანელია. ბატონი ვალერი სწორედ ის მეხანძრე-მაშველია, რომლის ფოტომაც სოციალურ ქსელში ნახვის ყველა რეკორდი მოხსნა, როდესაც ფოტოგრაფმა ბორჯომის დამწვარ ტყეში, ხის კუნძზე ჩამომჯდარი მოულოდნელად იხილა და ფოტოც გადაუღო... ჩვენს რესპოდენტებს საკუთარი პროფესია უზომოდ უყვართ და საქმიანობაში ყველაზე მეტად ის მოსწონთ, რომ ადამიანებს ეხმარებიან.

ფოტოზე: ვალერი ბესელია

"ამასთან, ვაჟკაცური პროფესიაცაა, კეთილი საქმეა და მიხარია, რომ კარგ საქმეს ვემსახურები" - გვეუბნება ბექა მეშველაშვილი.

"ხალხს ვეხმარებით და ზოგჯერ საკუთარ სიცოცხლესაც ვრისკავთ. მგონი, ყველასთვის საამაყო პროფესიაა" - დასძენს გიორგი ციხითათრიშვილი.

"ისეთი სამსახური გვაქვს, აქ ვინც მოდის, ვეღარ მიდის. ადამიანების დახმარება მადლია (ღირსეული საქმეა), შენ კი ამ დროს დიდ შვებას გრძნობ. მერე ამ საქმის კეთების სურვილი ისე გითრევს, რომ ამის მოთხოვნილება მუდმივად გიჩნდება. ამასთან, ასეთი კარგი ბიჭები რომ გყავს გვერდით, მათთან ერთად შრომა გიხარია" - აღნიშნავს ბატონი ვალერი.

ბექა:

- როდესაც გამოძახებაზე მივდივარ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რაც შეიძლება, სწრაფად დავეხმარო ადამიანებს და ჩემი გასაკეთებელი სწორად გავაკეთო. უნდა გადაარჩინო ადამინის სიცოცხლე და მისი მატერიალური ქონება, ზოგჯერ საზოგადოების ერთობლივი საკუთრებაც, მაგალითად, ტყე, რომლის გადარჩენაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უტოლდება.

გიორგი:

- ხანძრის დროს სხვა არაფერი გაფიქრებს, გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოიყვანო სამშვიდობოს ადამიანი.

- წელს მძიმე წელი იყო, უამრავი მასშტაბური ხანძრის ჩაქრობა მოგიწიათ, მათ შორის, ყველაზე დიდი ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი იყო. ადამიანები იმ დღეებში გმირებს გიწოდებდნენ...

ბექა:

- მე ვიტყვოდი, რომ ჩვენ არ ვართ გმირები, ჩვენ მეხანძრე-მაშველები ვართ და ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ, ეს არის ჩვენი ცხოვრება!.. თუმცა საამაყო და სასიამოვნოა, როცა შენი საქმიანობით კმაყოფილია საზოგადოება და ფიქრობს, რომ შენ გმირი ხარ. ეს ქვეყნის და ხალხის წინაშე კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს! რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულიცაა.

გიორგი:

- კარგია, თუმცა როგორც ბექამ თქვა, ჩვენ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ...

ვალერი:

- სასიამოვნია იმის მოსმენა, როდესაც გმირებს გიწოდებენ, თუმცა ამ დროს გარკვეული უხერხულობის შეგრძნება მეუფლება-ხოლმე... მე ხომ მხოლოდ ჩემს საქმეს და მოვალეობას ვასრულებდი.... ბორჯომის ხანძარი ყველასთვის დიდი გულის ტკივილია...

- რა გასწავლათ ბორჯომის ტრაგედიამ? ასეთი მასშტაბის ხანძარი ჩვენს ქვეყანას მგონი, არც ახსოვს...

ბექა:

- ზოგადად ყველა ხანძარი რაღაცას გვასწავლის, თითოეულს თავისი მიდგომა უნდა, რაც ახალ გამოცდილებას გვაძლევს. თუმცა სწავლებას სულ გავდივარ, როგორც თეორიულს, ისე პრაქტიკულს, მაგრამ უშუალოდ საქმე სხვა გამოცდილებას იძლევა. ტყეში ხანძრის ქრობამ პროფესიულად ბევრი რამ შეგვძინა. იცით, რომ რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში მოგვიწია მუშაობა, ხელს გვიშლიდა ქარი, რომელიც ხშირად იცვლიდა მიმართულებას და კიდევ - ბევრი სხვა დეტალი.

გიორგი:

- ჩვენს პროფესიაში საქმეს ყოველთვის ერთნაირად ვერ გააკეთებ, როგორც მაგალითად, სხვა სამსახურში. არ არსებობს შაბლონი, რომელსაც ყველა ჯერზე მიყვები. ყველა ხანძარი ინდივიდუალურია. ბორჯომის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარიც რა თქმა უნდა, ურთულესი შემთხვევა იყო. სხვადასხვა ხელისშემშლელ ფაქტორებს თან ერთვოდა ისიც, რომ ტექნიკა ხანძრის კერასთან ახლოს ვერ მიდიოდა, ფეხით გვიწევდა სიარული და მუშაობა...

ფოტოზე: ბექა მეშველაშვილი

ბექა:

- სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის მთელი ადამიანური რესურსი - მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასობით თანამშრომელი. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრომაც გაგვიწია მნიშვნელოვანი დახმარება. რამდენიმე დღის განმავლობაში ჯარისკაცები ჩვენთან ერთად მუხლჩაუხრელად შრომობდნენ. პროცესების დაჩქარებაში ჩვენი მეგობარი ქვეყნებიც დაგვეხმარნენ ცოცხალი ძალით და სახანძრო-სამაშველო საჰაერო ტექნიკით. ეს იყო ერთობლივი მუშაობის შედეგი, რომელმაც საშუალება მოგვცა, სიტუაციის გათვალისწინებით, ზარალი მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა.

ვალერი:

- ბორჯომში განსაკუთრებული სირთულის ხანძარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების მანძილზე არაერთ ურთულეს ხანძართან მომიწია შეჭიდება, ასეთი ტიპის ხანძრის ქრობაში მონაწილეობა არ მიმიღია. ამ დროს ბევრი რამ დავინახე. ეს იყო მოსახლეობის გულისტკივილი და ერთობა... მიუხედავად იმისა, რომ სტიქიასთან ბრძოლისას ყველა დაღლილი იყო, არავის დაუწუწუნია და არავის სჭირდებოდა თქმა და შეხსენება, თუ რა უნდა გაეკეთებინათ.

- როგორი პროფესიონალიც უნდა იყოს თითოეული თქვენგანი, გუნდურობა ყველა საქმისთვის მნიშვნელოვანია, მით უფრო თქვენთვის...

გიორგი:

- საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე მეხანძრე-მაშველთან ერთად ვიმუშავეთ. მათ უმეტესობას მანამდე არც ვიცნობდით, მაგრამ მეხანძრე-მაშველისთვის გუნდური მუშაობა საბოლოო შედეგის დასაჩქარებლად უმნიშვნელოვანესია. თითოეული ჩვენგანისთვის ეს ძალიან ნაცნობი მდგომარეობაა, ამიტომ ამ კუთხით მუშაობა არ გაგვჭირვებია.

ბექა:

- ხანძრის დროს მხოლოდ ადამინის გადარჩენაზე ორიენტირებულები არ ვართ, ჩვენი მიზანი მათი ქონების გადარჩენაც არის. ვცდილობთ, თუ რაიმე ღირებული და მნიშვნელოვანი აქვთ, ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოვიტანოთ. ეს, რა თქმა უნდა, უკვე მაშინ, თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. დაზარალებული ადამიანები ხშირად ემოციებს ვერ აკონტროლებენ და ესეც მძიმე სანახავია. უყურებენ, როგორ წამებში ქრება მათი წლობით ნაწვალები ქონება. ძლიერი უნდა იყო, რომ ეს ყველაფრი უემოციოდ გადალახო... ამისთვის ჩვენ არაერთი ფსიქოლოგიური კურსი გვაქვს გავლილი. ხშირად მიღებული ემოცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიგვყვება.

გიორგი:

- კონკრეტულ მომენტში შესაძლებელია ვერაფერზე ფიქრობ, მაგრამ მერე ყველაფერი გახსენდება და ეს ძალიან მძიმეა...

ბექა:

- ყოველთვის ვიხსენებ ჩემს პირველ ხანძარს: პირველი მორიგეობა იყო და "2 ნომერ" ხანძარზე დიღომში ერთ-ერთ კლინიკაში გამოგვიძახეს, ასეთ დროს ბევრი ეკიპაჟი გადის, რადგან ხანძრის გავრცელების საშიშროებაა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მოკლედ, კლინიკის მეხუთე სართულზე დაკვამლიანება იყო. ადგილზე მისულს, მანამდე ნასწავლი ყველაფერი გონებაში ამომიტივტივდა. გამოვიყვანეთ ექიმები, მედდები, ერთ პაციენტს ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. სიმხურვალემ აპარატის მილები დაადნო, თან დიდი დაკვამლიანება იყო, აირწინაღებით ვიყავით, ხილვადობა ჭირდა. დავინახე, პაციენტს პირადი ექიმი თავზე ედგა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ იგუდებოდა და როგორც შეეძლო ავადმყოფს ეხმარებოდა. არაფრით არ ტოვებდა. ორივე ერთად გამოვიყვანეთ, საბედნიეროდ ის კაცი გადარჩა. ემოციურად მძიმე დღე მქონდა და გამიხარდა, რომ ჩემი პირველი გამოძახება, ტრაგიკულად არ დასრულდა. ჩემს თვალში გმირი ის ექიმი იყო.

გიორგი:

- "2 ნომერ" ხანძარს მეც გავიხსენებ: იტალიურ ეზოში სამსართულიანი სახლი იწვოდა. ხალხი სართულების მიხედვით გამოგვყავდა, მესამე სართულზე, ერთი რკინის კარი დაკეტილი დაგვხვდა, გავაღეთ, რომ შეგვემოწმებინა და დავინახეთ, საწოლში გოგოს ეძინა. მახსოვს, ძალიან ლამაზი იყო... მაშინვე გარეთ გამოვიყვანეთ. მას ხანძარი არ გაუგია, არადა შენობა ცეცხლში იყო გახვეული. თავიდან გარდაცვლილი გვეგონა, მაგრამ როდესაც ჩამოვიყვანეთ და პირველადი სამედიცინო დახმარება გავუწიეთ, "გაცოცხლდა".

- ბატონო ვალერი, ბორჯომის ტყეში გადაღებულმა თქვენმა ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო... გაიხსენეთ, წუთები, როცა ფოტოს გიღებდნენ...

- გადაღება მე არ მახსოვს, მაგრამ ფოტოზე ასახულია ის ეპიზოდი, როცა ერთ საღამოს ჩვენი მონაკვეთი თითქმის ლოკალიზებული გვქონდა და კუნძების დამუშავება მიმდინარეობდა. წამიერად გადამწვარ კუნძზე ჩამოვჯექი. ცალ ხელზე ხელთათმანი მოვიხსენი და ხელი შუბლთან მივიტანე. სწორედ იმ დროს გადაუღიათ ფოტო.

- ხელს რა გიშლით მუშაობაში?

ბექა:

- ხშირად აღელვებული ადამიანები დახმარების მიზნით სხვადასხვა, ჩვენთვის არასასურველ და ხელშემშლელ ქმედებებს ახორციელებენ. მაგალითად, ცდილობენ ხანძრის კერასთან მიახლოებას, რაც დაუშვებელია, გვაძლევენ მათი აზრით, სასარგებლო რჩევებს, რომელიც კონკრეტულ მომენტში მხოლოდ ხელს გვიშლის... ჩვენ გვესმის მათი და ვაფასებთ ამ მცდელობებს, მაგრამ უმჯობესი იქნება, მოგვცენ მუშაობის შესაძლებლობა. პრობლემატურია ქალაქში გადაადგილებაც, გადატვირთული მოძრაობის გამო. ბოლო პერიოდში, დადებითი ტენდენცია შეინიშნება. ხშირად, გზასაც გვითმობენ უკვე... ძალიან დაგვეხმარებიან მძღოლები, თუ სახანძრო-სამაშველო მანქანებს გზას დაუყოვნებლივ დაუთმობენ, როგორც კი მას შენიშნავენ. შეიძლება მასზე ადამიანის სიცოცხლე იყოს დამოკიდებული, ჩვენთვის ყოველი წამი გადამწყვეტია.

- ყალბი გამოძახებებიც არის?

გიორგი:

- მსგავსი ფაქტებიც ფიქსირდება, მაგრამ ბოლო დროს ასეთი გამოძახებები შემცირდა.

ვალერი:

- არის ისეთი გამოძახებები, როცა პირი მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობს, აივანზე შენიშნავს კვამლს და რეკავს 112-ში. ადგილზე მისულებს კი გვხვდება ფაქტი, როცა მაყალზე მწვადს წვამენ. მეზობელს კი ხანძარი ჰგონია.

ბექა:

- მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. მინდა პოზიტივით დატვირთული 2018 გვქონდეს. უხანძრო და ბედნიერ წელს გისურვებთ!

ვალერი:

- დამდეგი ახალი წელი მინდა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო - დანაკარგის და ზარალის გარეშე გვეცხოვროს.

გიორგი:

- ვისურვებ კარგი წელი დამდგარიყოს. ცუდი დღეები აღარ გვენახოს, მაგრამ მინდა გახსოვდეთ: საჭიროების შემთხვევაში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მუდმივად თქვენს გვერდში იქნებიან, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი