"სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში მედიაჰაკათონი "ინოვაცია ონლაინმედიაში" მედია ჰოლდინგ "პალიტრა მედიის" მხარდაჭერით გრძელდება.
დღეს, ჰაკათონის მონაწილე გუნდებმა "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგსესიებში მიიღეს მონაწილეობა.
ჰაკათონის ორგანიზატორის, "ინტერნიუსი-საქართველოს" პროექტის დირექტორის, მაია მიქაშავიძის თქმით, მედიაჰაკათონის მონაწილეებმა დისკუსია კონტენტისა და ჟურნალისტიკის მომავალსა და ტექნოლოგიების მიერ ჟურნალისტიკის ცვლილებაზე გამართეს.
"ეს საინტერესოა, იმიტომ, რომ ჩვენი აუდიტორია არის მედიასაშუალებების წარმომადგენლებისა და სტარტაპერებისგან დაკომპლექტებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა არის მონეტიზაცია, შენი პროდუქტისგან როგორ უნდა მიიღო შემოსავალი, იმიტომ, რომ თუ არ იქნა შემოსავალი, ასეთი სტარტაპი და მედიასაშუალება ვეღარ იარსებებს," - განმარტა მაია მიქაშავიძემ.
მედიაჰაკათონში მონაწილე ერთ-ერთი გუნდის მენტორის, შავლეგო კაპანაძის შეფასებით, მსგავსი პროექტების ჩატარება ქართული მედიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი თქმით, ტექნოლოგიები, როგორც წესი, სხვა სფეროსთან ასოცირდება.
"რეალურად, მედიისთვის დღეს ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჰაკათონი გვეხმარება, რომ ტექნოლოგიებსა და მედიას შორის კავშირი უფრო მკაფიო და მყარი იყოს. დღეს ჩემი აქ ყოფნა ემსახურება იმას, რომ შეკრებილ გუნდებს თავიანთი იდეის მონეტიზაციაში დავეხმარო და ვასწავლო ხერხები და მეთოდები, რა თანამედროვე ტრენდები არსებობს დღეს მედიაში, რათა მათი პროექტები წარმატებული იყოს,"- აღნიშნა შავლეგო კაპანაძემ.
მედიაჰაკათონი "ინოვაცია ონლაინმედიაში" 22 დეკემბერს დაიწყო. გუნდებმა თავიანთი იდეები უკვე წარადგინეს. 24 დეკემბრის ჩათვლით მენტორები მონაწილე ჯგუფებთან იმუშავებენ და მათ იდეების დახვეწასა და განხორციელებაში დაეხმარებიან, შემდეგ კი ჯგუფები მუშაობის შედეგს საკონკურსოდ წარადგენენ. ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომელთაც 4 500 დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცემათ. ფულადი პრიზები საშუალებას იძლევა, რომ ქართულ მედიაში ინოვაციური იდეები განხორციელდეს და მას სარგებელი მოუტანოს. პროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება.