საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის განცხადებით, ბრალის დადასტურების შემთხვევაში მატჩის ჩაწყობის საქმეზე დაკავებულები "მოკვეთილნი იქნებიან კალათბურთიდან".
"მე არ მინდა დავარღვიო ის, რასაც ჰქვია უდანაშაულობის პრეზუმპცია. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, თუკი ეს დადასტურდება, მოკვეთილი იქნება კალათბურთიდან და საერთოდ, სპორტის სამყაროდან უნდა იყოს მოკვეთილი ასეთი ადამიანი", - განაცხადა გურასპაულმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის "სუპერლიგის" სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე, საკალათბურთო კლუბ "სოხუმი"-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ: კალათბურთის მსაჯები - ირაკლი და დავით ბერიშვილები ბრალს აღიარებენ