ე.წ. ამხანაგობების მიერ მოტყუებულ ადამიანებზე ქართულ პრესაში ბევრჯერ დაბეჭდილა. ეს პრობლემა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განსჯის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ამხანაგობის საქმიანობას კანონი აწესრიგებს, წლების განმავლობაში მათ უამრავი ოჯახი დააზარალეს. როგორც ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ამბობს, მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და დღესაც ხდება:
ირაკლი უტიაშვილი - დავიწყებ იმით, რომ საქართველოში არსებობს "ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის" ცნება, რომელიც ორი, ან მეტი პირის შეთანხმებას გულისხმობს. ამხანაგობის დამფუძნებლებმა და წევრებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ საერთო მიზნების მისაღწევად. შესაძლოა, რამდენიმე პირი შეიკრიბოს და უძრავი ქონება შეისყიდოს, ან აიშენოს. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობები ხელშეკრულებას დებენ კერძო პირებთან, რომლებიც მათ ბინის შესაძენ თანხას ურიცხავენ.
- უფრო ხშირად რომელ სფეროში იქმნება ამხანაგობები?
- სხვადასხა სფეროში, მაგრამ მსგავსი გაერთიანებები ძირითადად მაინც სამშენებლო სექტორში გვხვდება. ამხანაგობები იღებენ ვალდებულებას საცხოვრებელი კორპუსი ააშენონ და დაინტერესებულ პირებს საკუთრებაში გადასცენ. ამხანაგობები ყიდულობენ მიწის ნაკვეთს, აგროვებენ კაპიტალს და აქტიუ რად ერთვებიან სამშენებლო საქმიანობაში. როგორც წესი, ამხანაგობამ ფიზიკური პირებისგან აღებული თანხის სანაცვლოდ ისინი ბინით უნდა უზრუნველყოს. რომელ სართულზე იქნება ეს ბინა, რა ფართობისა და რა პირობებით ყიდულობს მომავალი მფლობელი - ეს დეტალურად არის მოცემული ხელშეკრულებაში. ამ დროს ხშირად აქვს ადგილი სხვადასხა სახის აფიორას და ადამიანები მოტყუებულნი რჩებიან. ბუნებრივია, ეს ყველა ამხანაგობას არ ეხება - მე მხოლოდ იმ ხალხზე გესაუბრებით, ვინც თავისი უფლებებით ბოროტად სარგებლობს.
- ბატონო ირაკლი, როგორ სქემებს იყენებენ საამისოდ ე.წ. ამხანაგობები?
- ისინი წინასწარ იღებენ თანხას, რომელიც ჯერ კიდევ აუშენებელი ბინის ღირებულების 50-70%-ია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ საცხოვრებელი კორპუსი არ შენდება, ან სულაც დაუსრულებელი რჩება. მაგალითად, რომ უნდა აშენებულყო 10-სართულიანი კორპუსი და ფიზიკურმა პირმა ბინა მე-9 ან მე-10 სართულზე დაუკვეთა, აშენდა 5 ან 6-სართულიანი და ადამიანი, რომელსაც ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ამხანაგობასთან, ფაქტობრივად, ჰაერში დარჩა. ზოგჯერ სახლი დასრულებულია, მაგრამ ექსპლუატაციაში არ არის შესული, ან უხარისხოდ არის ნაშენები და ამ ყველაფრის გამო მყიდველი ზარალდება.
- კონკრეტული ფაქტების დასახელებაც შეგიძლიათ?