კანადელი წყვილი, რომელიც 73 წლის მანძილზე ერთად ცხოვრობდა, შობამდე 1 კვირით ადრე ერთმანეთს დააშორეს. ჰერბერტ გუდინს დემენცია აქვს, ცოლთან, ოდრისთან ერთად მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მდგომარეობის დამძიმების გამო ჰერბერტი ცოლს დააშორეს და სხვა შენობაში გადაიყვანეს.
წყვილი ბოლო 3 წლის მანძილზე ერთად ცხოვრობდა თავშესაფარში. მათი შვილი, დაიან ფილიპსი ამბობს, რომ როდესაც მამა სხვა შენობაში გადაჰყავდათ, დედა სევდიანი იდგა ფანჯარასთან, ვიდრე მანქანა თვალს არ მიეფარა.
"შობა დასრულდა ჩვენთვის, ეს არის ყველაზე ცუდი დღესასწაული, რაც კი ოდესმე გვქონია... რატომ არ შეეძლოთ, კიდევ რამდენიმე დღით დაეტოვებინათ ჩემთან ერთად?!"- თქვა ოდრიმ, როდესაც ჰერბერტი წავიდა.
დაიანმა ყველაფერი სცადა, რომ მშობლების ერთად ყოფნის დრო მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინა, თუმცა ბევრი ვერაფერი მოახერხა.
"ჩემი მშობლები 73 წელია, ერთად ცხოვრობენ, ყოველთვის ერთ საწოლში იწვნენ... ხალხმა უნდა იცოდეს, როგორი გაუმართავი სისტემა გვაქვს, ორი სიტყვით რომ აღვწერო, არაეთიკური და ბოროტი," - ამბობს დაიანი.
მისი პოსტი სოციალურ ქსელებში 17-მა ათასმა ადამიანმა გააზიარა.
მომდევნო პოსტში კი დაიან გუდინი განმარტავს, რომ მისთვის გასაგებია მამის გადაყვანის აუცილებლობა, თუმცა ეს შეიძლებოდა, შობის შემდეგაც მომხდარიყო.
წყარო mirror.co.uk